2024 წლიდან ბაზარზე #მიკრობანკები გამოჩნდებიან - რა განასხვავებს მათ ბანკებისგან და მისოებისგან?
BM.GE
13.03.23 23:18
• 128
მიკრობანკები საქართველოში 2024 წლიდან გამოჩნდებიან. საკანონმდებლო ჩარჩო მიკრობანკების შესახებ უკვე მიღებულია და ეროვნულ ბანკს ახლა 1 ივლისამდე აქვს ვადა ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები გამოსცეს. კანონით, ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებულ პირისთვის მიკრობანკის ლიცენზია განაცხადის წარგენიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. მისი სხვისთვის გადაცემა კი, აკრძალულია. მიკრობანკებს კრედიტების გაცემა მხოლოდ ლარში შეეძლებათ. ასევე ექნებათ უფლება მოიპოვონ დეპოზიტები, თუმცა მიკრობანკს თითოეული ფიზიკური პირისგან, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან მოზიდული ანაბრების ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე ნაკლები. მიკრობანკები იქნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კომერციულ ბანკებს შორის მდგრადი ფინანსური ინსტიტუტები. მათი ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70% უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან. მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს დეპოზიტების მოზიდვა და ანგარიშების გახსნაც შეეძლებათ.