Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“მაღალ პოზიციებზე ვაკანსია აღარ ცხადდება“ - ინგა შახბაზიანი ქალების ნარატივში

BM.GE
11.01.21 11:38
484

„მაღალ პოზიციებზე ვაკანსიები ფაქტობრივად აღარ ცხადდება“ – HR.GE-ის რეგიონული მენეჯერი ინგა შახბაზიანი „ქალების ნარატივში“  

 

-         2020 ყველასთვის რთული წელი იყო, პირველ რიგში  მინდა, რომ წელი შევაჯამოთ და  იმ გამოწვევებზე  ვისაუბროთ, რომლის წინაშეც  2020-მა დაგვაყენა.

 

-         2020 იყო  გამოწვევებით სავსე წელი. ცხადია, ყველა ფიქრობდა იმას, თუ რამდენად გაუძლებდა კომპანია. ჩვენი ორგანიზაცია 2006 წლიდან ოპერირებს, ძირითადად ონლაინპლატფორმის მიმართულებით. გვაქვს რამდენიმე   საიტი. ჩვენთვისაც კი გამოწვევა იყო 2020 წელი, რადგან  დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა  მოგვიწია . ბაზარი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო, ეს ჩვენს კომპანიასაც შეეხო, თუმცა  გავუძელით. სიამაყით ვიტყვი, რომ ჩვენს ორგანიზაციაში არ ყოფილა შემცირება. პირიქით, ვფართოვდებით და დღესაც კი გვაქვს ვაკანსიები. ვფიქრობთ, რომ 2021 წელს ბევრად უფრო მეტ ადამიანს დავამატებთ ჩვენს ორგანიზაციაში. HR.GE-ს გარდა ჩვენს მფლობელობაშია  auto.ge, home.ge, shop.ge - შესაბამისად, ამ საიტების მიმართულებით ვეძებთ კადრებს, მაგალითად, „ექაუნთ მენეჯერების“პოზიციაზე.

 

-         შეიძლება ვთქვათ, რომ  2020 წლის გამოწვევები შესაძლებლობად აქციეთ?

 

-         დიახ, ასეც ვიტყოდი. 2020 წელს დაიბადა  იდეა, რომ shop.ge განახლებული ფორმატით გამოჩენილიყო ქართულ  ბაზარზე.  მივხვდით, რომ დღეს ბაზარს ეს სერვისი სჭირდება. თან  თუ გადავხედავთ,   2020-ში   ადამიანების დიდი ნაწილი  ონალიან სერვისებზე გადავიდა, თუნდაც გამოწერების სახით და ა.შ. მივხვდით, რა მინუსები აქვს სხვა საიტებს და შესაბამისად, დავფიქრდით ახალი საიტის შექმნაზე, რომელსაც იმედი გვაქვს, მსგავსი ლაფსუსები  არ ექნება.

 

-         დარჩა თუ არა  მაღალ პოზიციებზე მოთხოვნა პანდემიურ  წელს ?

 

-         სამწუხაროდ არა, 2020 წელს, ნამდვილად არ ყოფილა ეს მოთხოვნა, შეიძლება იანვარ-თებერვალში იყო რაღაც პოზიციები, თუმცა თებერვლიდან, ზოგადად, ვაკანსიების მიმართ  კლებაა.  2019 წელს თუ შევადარებთ, 2020 წელს, დაახლოებით, ჯამურად  ვაკანსიების რაოდენობა 40%-ით შემცირდა .  პირველი  ლოქდაუნისას, მარტიდან მაისის ჩათვლით,  70%-იანი კლება  გვქონდა რაც, პირველად მოხდა ჩვენი კომპანიის და ზოგადად, საქართველოს ბაზარზე.  ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი კი  ჩვენთვის საკმაოდ კრიზისული აღმოჩნდა, რადგან ვაკანსიების რაოდენობა ფაქტობრივად განახევრდა წინა წელთან შედარებით და რაც ყველაზე ცუდია, მაღალი პოზიციები ფაქტობრივად აღარ ცხადდება. იმედი მაქვს, რომ 2021 წელს მსგავსი ვაკანსიები ბაზაში კვლავ    გამოჩნდება.

 


-         ყველა ვადევნებდით თვალს იმას, თუ რა ტიპის ვაკანსიები იყო აქამდე მოთხოვნადი, თუმცა პადემიამ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა  - პანდემიურ წელს  ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების კუთხით რა შეიცვალა? 

 

-         სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, პირველ ადგილზე ისევ გაყიდვებია, როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ გაყიდვებში ერთიანდება ბევრი პოზიცია, შეიძლება იყოს მოლარე-კონსულტანტი, შეიძლება იყოს ქოლცენტრის ოპერატორი, რომელიც  გაყიდვებზე ტელეფონით მუშაობს. ასევე  2020 წელს ერთ-ერთი ყველაზე  მოთხოვნადი პროფესია იყო - კურიერი. დღეს თითქმის ყველა კომპანიას სჭირდება ეს სერვისი. კურიერის გარდა, ქოლცენტრის ოპერატორი არის ერთ-ერთი მოთხოვნადი პოზიცია. IT მიმართულებით ძალიან გააქტიურდნენ. რომ შევადაროთ წინა თვეებსა და წლებს,  2020 წელს დეველოპერებზეც მაღალი მოთხოვნა გაჩნდა.   

 

 


-         ვაკანსიების გამოცხადების მხრივ თავკომბალა ყოველთვის  თბილისი იყო, დღეს თუ შეიცვალა ბაზარზე სიტუაცია?

 

-         არა,  სამწუხაროდ. ვაკანსიების  დაახლოებით 95%  კვლავ თბილისზე მოდის და მხოლოდ 5%-ია რეგიონებზე გადანაწილებული.

 

-         დამსაქმებლების დიდი ნაწილი არ უთითებს ხოლმე  ანაზღაურებას. რამდენად სწორად იქცევიან ასეთ დროს კომპანიები?

 

-         სამწუხაროდ, 95%  ვაკანსიაში ანაზღაურებას არ უთითებს. შემიძლია ავხსნა რატომაც. ერთ-ერთია კონფიდენციალობა  - მათ   არ უნდათ, რომ თუნდაც, კონკურენტმა გაიგოს რამდენი აქვს ანაზღაურება თანამშრომელს. შეიძლება, იყოს ის, რომარ უნდათ მხოლოდ ანაზღაურების გამო მოიხიბლოს ადამიანი ამ პოზიციით. შეიძლება პირიქით, სამწუხაროდ, დაბალი ანაზღაურება აქვთ და არ უნდათ, რომ ნაკლები CV შეუვიდეთ.  გარდა ამისა, საქართველოში  ხშირად არ არიან ჩამოყალიბებული, რა მოცულობის ანაზღაურებას შესთავაზებენ პოტენციურ თანამშრომელს, აქვთ რაღაც დიაპაზონი და კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, გასაუბრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას.

 

-         საერთაშორისო მაგალითებიც ასეთი გვაქვს?

 

-         არა, საერთაშორისო მაგალითი განსხვავებულია. იმედი მაქვს, რომ მომავალში საქართველოშიც ეს მაგალითი გვექნება. თითქმის ყველა საიტზე, ყველა ვაკანსიაში არის მითითებული ანაზღაურება, წლიური ანაზღაურებაც არის ხშირად და ბონუსური ნაწილიც, პირობითად, რა ბენეფიტები ექნება დამატებით, თუ კადრი ამ პოზიციაზე დასაქმდება.

 

 

-         სანამ HR.GE-ში მოხვდებოდით, მანამდეც ამ საქმიანობით იყავით დაკავებული თუ ...

 

-         ბაკალავრიატი საბანკო მიმართულებით მაქვს დამთავრებული, ჩემი სფერო საბანკო და საფინანსოა. 1 წელი ვიმუშავე ბანკში, თუმცა ეს იყო 10 წლის წინ. მივხვდი, რომ ეს ის სფერო არ იყო, რაც მე მაინტერესებდა. წამოვედი ბანკიდან და დავიწყე მუშაობა მაშინ ჯერ კიდევ პატარა კომპანიაში, HR.GE-ში, სადაც მაშინ   მხოლოდ 10 თანამშრომელი მუშაობდა. დღეს ეს კომპანია გაზრდილია და  100 კაცს ასაქმებს. რაც მთავარია, ამ კომპანიაში, მე არ  გავჩერებულვარ ერთ ადგილზე - მქონდა  პოზიციური ცვლილება, მემატებოდა  პროექტები. რაც მთავარია, მომწონს  როგორც ორგანიზაცია, ისე ის საქმე რასაც მე ვაკეთებ. 

 

-         რა როლს თამაშობს  სამსახური თქვენს ცხოვრებაში და  თქვენი დროის რა ნაწილს იკავებს?

 

 

-         ჩემი კომპანია ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელსაც ძალიან დიდ დროს ვუთმობ.   წარმოიდგინეთ,  ჩემს  3 წლის ბიჭსაც კი ვერ ვუთმობ ხშირად დიდ დროს, იმიტომ რომ ვმუშაობ.  მშობიარობის წინა დღესაც კი თათბირზე ვიყავი.

 

 

-         2021 წლის გეგმებზეც რომ ვისაუბროთ, თუ გაქვთ უკვე განსაზღვრული რა  პროექტებს განახორციელებთ ? 

 

-         ვახსენე shop.ge, რომელიც 2021 წელს გაიხსნება, როგორც განახლებული საიტი. გარდა ამისა,  ჩვენ  ყაზახეთშიც ვართ წარმოდგენილები, სადაც  საკმაოდ კარგი საიტი გვაქვს დასაქმების მიმართულებით და ვფიქრობ, რომ იქ დავამატებთ პროექტებს.  

 

 

-         2021 წელს, პანდემიის განთავლისწინებით,  ყველაზე მეტად რისი დაბრუნება გინდათ?

 

-         იმის, რომ  დავუბრუნდეთ სამუშაო გარემოს, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან რთულია დისტანციურად მუშაობა, განსაკუთრებით, ჩემთვის.  ასე მუშაობა ძალიან გამიჭირდა.  როგორც ხელმძღვანელისთვის, დისკომფორტია დისტანციურად თუნდაც თანამშრომლების გაკონტროლება, მათთან ურთიერთობა.  დაძაბული წელი მქონდა და იმედი მაქვს,  2021 წელს აღარ მოგვიწევს დისტანციური მუშაობა. 





სტუმარი: ინგა შახბაზიანი - HR.GE-ის რეგიონული მენეჯერი

Subscribe to our news

Get the main news of the day