საქართველომ ინტერნეტის უსაფრთხოებისა და შეუფერხებელი ოპერირების შესახებ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს - აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ DNS ფორუმს უმასპინძლა. ეს არის ღონისძიება, რომელსაც ყოველწლიურად მართავს ICANN-ი, ანუ მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ კორპორაცია. შეიძლება ბევრისთვის ამ კორპორაციის სახელი ახალი იყოს, თუმცა ის ინტერნეტის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის DNS-ის უწყვეტად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ICANN-თან ერთად ფორუმის ორგანიზატორი იყო “კავკასუს ონლაინი”, რომელიც საქართველოში ეროვნული დომენის - .ge-ის ოპერატორია. ონლაინ-ფორუმში მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებმა, სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა. ის ICANN-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მარტენ ბოტერმანმა გახსნა.
მიხაილ ანისიმოვი - ICANN-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი