მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუკოილ-ჯორჯია“ დაზარალებულებს პასუხობს

611fa536e0c19
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.21 18:09
8244
ფიზიკური პირები და კერძო კომპანიები მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან „ლუკოილის“ ბარათებით საწვავს ვეღარ ანაღდებენ, მიუხედავად იმისა, რომ თანხა უკვე გადახდილი აქვთ. როგორც „ლუკოილ-ჯორჯიაში“ განმარტავენ, ამის მიზეზი კომპანია „უნიგრუპთან“ გაწყვეტილი ხელშეკრულებაა, რომელიც მესამე პირებთან ხელშეკრულებას საწვავის გაყიდვაზე უშუალოდ აფორმებდა. "ლუკოილის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ კომპანიას მათ წინაშე მრავალმილიონიანი დავალიანება აქვს დაგროვილი.

მიუხედავად ამ განმარტებისა, დაზარალებული მოქალაქეები და ბიზნესსუბიექტები კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიას“ თაღლითობაში ადანაშაულებენ და მათ მიერ შესყიდული საწვავის მიღებას ითხოვენ.

ფაქტთან დაკავშირებით BM.GE-მ კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიას“ კითხვებით მიმართა, სადაც უპასუხეს, რომ ყოფილ პარტნიორი კომპანია „უნიგრუპის“ მიმართ უკმაყოფილება მათაც აქვთ, რომელის „უნიგრუპის“ მიერ „ლუკოილისთვის“ მიყენებულ მრავალმილიონიან ზარალს ეხება და რომლის გადაწყვეტასაც სამართლებრივად გეგმავენ.

შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ და შპს „უნიგრუპს“ შორის თანამშრომლობა დაახლოებით 16 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულება ყიდვა-გაყიდვის ხასიათს ატარებდა, კონკრეტულად შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ ყიდიდა, ხოლო შპს „უნიგრუპი“ ყიდულობდა საწვავს და მათი მხრიდან შემდგომ ხდებოდა მისი მესამე პირზე რეალიზაცია საწვავის ბარათებისა და ტალონების მეშვეობით.
ხელშეკრულების თანახმად შპს „უნიგრუპი“ ვალდებული იყო შპს „ლუკოილ-ჯორჯიასთვის“ გადაეხადა მის მიერ გაყიდული საწვავის ღირებულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაერთი დარღვევის და შექმნილი/დაგროვებული მიწოდებული საწვავის მრავალმილიონიანი დავალიანების გამო, შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ 2021 წლის 20 ივლისს იძულებული გახდა ხელშეკრულება გაეუქმებინა.
საკუთარი ინტერესების დაცვისა და ფულადი სახსრების ანაზღაურების მიზნით, შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ სარჩელი შეიტანა და შპს „უნიგრუპის“ მიმართ სამართალწარმოება დაიწყო“, - აცხადებენ კომპანიაში.

კითხვაზე - მზად არის თუ არა „ლუკოილ-ჯორჯია“ დაზარალებული პირების მოთხოვნის შესასრულებლად და მათი კუთვნილი საწვავის გასაცემად, კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

„შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ არ ფლობს ინფორმაციას მომხმარებლებსა და შპს „უნიგრუპს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების (ტალონების, საწვავის ბარათებისა და მათზე დარჩენილი საწვავის ნაშთების რაოდენობის), საკრედიტო თუ სადებეტო დავალიანებების შესახებ, აქედან გამომდინარე არ აქვს შესაძლებლობა:

ტალონებისა და საწვავის ბარათების რეალიზაციის პერიოდი გააგრძელოს; არსებული ნაშთები „ლუკოილის“ ბარათზე გადაიტანოს; ფულადი სახსრები დაუბრუნოს“, - უთხრეს BM.GE-ის კომპანიაში.

მათვე ინფორმაციით, კომპანიის ინტერესების დაცვის მიზნით „ლუკოილ-ჯორჯიამ“ 2021 წლის 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე „უნიგრუპის“ მიერ გაცემული საწვავის ბარათებისა და ტალონების განაღდების ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საწვავის ანაზღაურება შპს „უნიგრუპისგან“ არ მიუღია.

„ამ პერიოდის განმავლობაში შპს „უნიგრუპის“ მომხმარებლებმა ტალონებისა და ბარათების მეშვეობით 1 მილიონ ლიტრზე მეტი საწვავის განაღდება შეძლეს“, - ამბობენ კომპანიაში.

„ლუკოილ-ჯორჯია“ დაზარალებულებს საკითხის სამართლებრივი გზით გადაწყვეტას ურჩევენ და კომპანიის მხრიდან ახალი ფასდაკლების ბარათებს სთავაზობენ.

„უნიგრუპის“ ყველა მომხმარებელს „ლუკოილ-ჯორჯია“ ურჩევს კომპანიის, “ლუკოილი”-ს მაგალითს მიბაძონ და საკუთარი ინტერესების დაცვით სასამართლოს მიმართონ.

თავის მხრივ, „ლუკოილ-ჯორჯია“ მზად არის, თითოეულთან პირდაპირი ხელშეკრულება დადოს და საწვავზე გაზრდილი ფასდაკლებები შესთავაზოს, რომელიც საშუალებას იძლევა ნაწილობრივად მაინც დაფაროს ის ზიანი, რომელიც ზემოხსენებულმა კომპანიამ მიაყენა“, - აცხადებენ „ლუკოილში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები