“1-5 ნოემბერს უნდა დარიგდეს” - ბათუმის სოცსააგენტომ 288,000 ლარის ზეთი, ლობიო, მაკარონი იყიდა
შოთა ტყეშელაშვილი
31.10.20 14:39
• 1334
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს მიერ ჩატარებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია. დოკუმენტის თანახმად, უწყებამ გამარტივებული წესით, 288,511 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები იყიდა, რომლებიც შესყიდვების განაცხადის თანახმად, 1-5 ნოემბრის პერიოდში სოციალურად დაუცველებზე უნდა განაწილდეს.
“სააგენტოს მიერ ვერ მოხერხდებოდა ერთი თვის (ნოემბრის) საკვები პროდუქტების დარიგება მიმიდინარე წლის 1 ნოემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, დაფასოებული პროდუქტი ბაზარზე იმ რაოდენობით, რომელსაც ჩვენ ამ ეტაპზე შევისყიდით არ არის და ამიტომ ყველა პროდუქტი არის დასაფასოებელი გაცემის ნორმების მიხედვით 5980 ბენეფიციარისათვის, რასაც შესაბამისად დაჭირდება რამდენიმე დღე, რაც ხელშეკრულებაში არის განსაზღვრული.
ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო ახორციელებს სოციალურად დაუცველი 5,980 ბენეფიციარის კვების პროგრამას. ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, კერძოდ, ბათუმში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით მიღებული იქნა გადაწყვეტილება სასადილოების დროებით დაკეტვის შესახებ და ბენეფიციარებზე აღნიშნული პროგრამის განხორციელება ერთი თვის მარაგის (ნოემბრის თვის) პროდუქტების დარიგების გზით,” - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განმარტებაში.