მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200 ერთეული 18-მეტრიანი ელექტროავტობუსისთვის სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება

5c055455073a5
თამუნა ქემერტელიძე
03.12.18 20:05
2162
2020 წლიდან თბილისში დამატებით, 200 ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი შემოვა და მათთვის სპეციალური სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„არსებული ავტობუსების პარკი მძიმე მდგომარეობაშია, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის სრულად ჩანაცვლდება. უკვე შეძენილია დიზელზე მომუშავე ევრო-6, MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი 90 ახალი ავტობუსი, რომელიც საქართველოში თებერვლიდან შემოვა. ასევე, დასრულდა 220 ერთეული დიზელის ძრავიანი რვამეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა და გამარჯვებული კომპანია მალე გამოვლინდება. 2019 წელს ვამზადებთ ტენდერს 240 ერთეული CNG და ელექტროძრავზე მომუშავე 8 და 10-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. როგორც დაგპირდით, 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების შესყიდვის პროცესი სრულად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ: ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში, 750 ერთეული ავტობუსის შეძენა მოხდება, რომელიც არსებულ ძველ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ერთეულით გაზრდის.

ამასთან, 2019 წელს თბილისს ავტობუსების ქსელის მოწყობის დეტალური პროგრამა ექნება, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ ამუშავებს; ეწყობა 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც დიდი ტევადობის კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიტვირთება;

სწრაფი გადაადგილებისთვის 11-ვე დერეფანზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლები, რაც კერძო ტრანსპორტთან შედარებით, მგზავრობის დროს შეამცირებს.

„უკვე გვაქვს კონკრეტული ქუჩები - შარტავა-კოსტავას მონაკვეთები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის შესაბამისი ზოლებია მოწყობილი. მდინარე მტკვრის საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების კვლევის ჩატარებაში თბილისის მერიას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ეხმარება.
ამ მიმართულებით, ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ და მტკვარი შესაბამისად გამოვიყენოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კალაძის თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება თბილისის „მეტროპოლიტენსაც“ შეეხება.

კერძოდ, მიმდინარეობს და დაგეგეგმილია, ჯამში, 22 მეტროსადგურის რეაბილიტაცია; სექტემბერში „მეტროპოლიტენს“ დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, ხოლო თებერვალში კიდევ ოთხი შემადგენლობა ემატება;

2018-2021 წლებში თბილისის „მეტროპოლიტენს“ ჯამში დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი შემადგენლობა; მოცდის რეჟიმი შემცირდა; უკვე გაიზარდა მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები