2019 წლის ბოლომდე თბილისში 60 ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების დამტენი დამონტაჟდება.
როგორც BM.GE-ის თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კომპანია შპს „ქართლი ენერჯი“ ვალდებულია, დედაქალაქის მასშტაბით, პირველ ეტაპზე წინასწარ შერჩეულ 30 ადგილზე ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების დამტენები განათავსოს.
დამტენების დამონტაჟება ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში დასრულდება.
ასევე, მომდევნო ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში კომპანია ვალდებულია, ელექტრო დამტენები დამატებით მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებულ კიდევ 30 ადგილზე განათავსოს.
მუნიციპალიტეტი დამატებით ადგილებს მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვით განსაზღვრავს.
ამ ეტაპზე, ჯამში, რამდენი დამტენი დამონტაჟდება დედაქალაქში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული 60 დამტენისა), ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, კომპანიამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა.
აუქციონი 2019 წლის 5 მარტს დაიწყო და 2019 წლის 19 მარტს დასრულდა, კონკურენტული შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით, გამარჯვებულ კომპანიად შპს „ქართლი ენერჯი“ გამოცხადდა.
კომპანია ვალდებულია, ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების დამტენების განთავსებიდან ერთი წლის განმავლობაში მომხმარებელს უსასყიდლოდ მოემსახუროს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, კომპანია მომსახურების ტარიფს თავად განსაზღვრავს.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტმა, აუქციონის გზით, ხელშეკრულება დადო მხოლოდ „ქართლი ენერჯისთან“, თუმცა, მომდევნო ეტაპებზე, სხვა დაინტერესებული კომპანიების მომართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი მზადაა, დამატებით აუქციონი კვლავ გამოაცხადოს და ელექტრომობილების დამტენების მონტაჟი უზრუნველყოს.