მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის მაჩვენებლებთან ახლოსაც ვერ მივედით - „ზარაფხანა“ 2021 წელს აფასებს

61dc2f609c8e6
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.22 19:35
1976
ძვირფასი ლითონებითა და ქვებით საიუველირო ნაკეთობათა მწარმოებელი კომპანია „ზარაფხანას“ გენერალური დირექტორი 2021 წელს აფასებს და აცხადებს, რომ გასულ წელს 2020 წელთან შედარებით მდგომარეობა გამოსწორებულია, თუმცა 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების აღდგენა ჯერ ვერ მოხერხდა.

BM.GE-სთან საუბრისას ნიკოლოზ ნაყოფია გასული წლის კომპანიის მიერ დასახული გეგმების შესრულებაზეც საუბრობს და ამბობს:

„2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მომხმარებელი გააქტიურებულია, თუმცა 2019 წლის მონაცემებთან ჯერ ახლოსაც ვერ მივედით. ზოგადად, კრიზისის პერიოდში საიუველირო ბიზნესის წარმომადგენლები უარყოფით გავლენას პირველები განიცდიან, ხოლო კრიზისიდან ბოლოები გამოდიან, რადგან ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტი პირველადი მოხმარების არ არის.

2020 წელს (2019 წელთან შედარებით) თუ გეგმიდან ჩამორჩენა 40-45% იყო, 2021 წელს გეგმიდან ჩამორჩენა 20-25% გვქონდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენა ნელ-ნელა ხდება“, - ამბობს ნიკოლოზ ნაყოფია.

„ზარაფხანას“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ გასულ წელს შეიცვალა როგორც ფიზიკური პირების, ასევე კორპორაციული მომხმარებლის ქცევა.

„ფიზიკურ პირებში უფრო დაბალი ღირებულების ნივთის შეძენა ურჩევნიათ. მეორე მხრივ, არიან კორპორაციული შემსყიდველები. 2020 წელს კომპანიების საგარეო ხარჯები შემცირებული იყო და ამ მიმართულებით მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა, თუმცა 2021 წელს მდგომარეობა გამოსწორდა და ბოლო რამდენიმე თვეში „ზარაფხანაში“ შეკვეთების გაკეთების მხრივ ბიზნესის სურვილი გააქტიურდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წელთან შედარებით 2021 წელს გაყიდვები 25%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.

მისი ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ  სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, „ზარაფხანას“ საწარმოო ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდა, მათი საიუველირო ნაწარმის ღირებულება არ გაზრდილა და რიგ შემთხვევაში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანია მომხმარებელს ფასდაკლებასაც სთავაზობს.

„მსოფლიო ბაზარზე როგორც ოქრო, ასევე ბრილიანტი გაძვირებულია, რაც წარმოების ღირებულებაზე გავლენას ახდენს; მეორე კომპონენტი რაც წარმოებას აძვირებს პანდემიიდან გამომდინარე მსოფლიოში ინფლაციური პროცესები - გაძვირებული საწვავი და ლოგისტიკაა. ამასთან, ქვეყნის შიგნით კომუნალური გადასახადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად, წარმოების ღირებულება გაგვიძვირდა. კომპანია არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ადაპტაციას ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით ცდილობს, რის შედეგადაც „ზარაფხანას“ საიუველირო ნაკეთობების ღირებულება არ გაზრდილა“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები