საქართველოს მიერ ევროკავშირისგან €75 მილიონი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტის მიღება დამოკიდებულია იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომელთა შესრულების ვალდებულებაც საქართველომ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში აიღო. საქართველოს მხრიდან აღნიშნულ დოკუმენტს ხელს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აწერენ, EU-ის მხრიდან კი მას ხელს ევროკომისარი პაოლო ჯენტილონი აწერს.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ “ევროკავშირი საქართველოს დაჟინებით მოუწოდებს დარჩენილი ვალდებულებების შესრულებისკენ, რათა €75-მილიონიანი დახმარების პაკეტი გახდეს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი.”
ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარება სულ 150 მილიონი ევროს მოცულობისაა, საიდანაც პირველი ნახევარი ქვეყანამ 2020 წლის ნოემბერში მიიღო, მეორე ნახევრის ჩარიცხვას კი საქართველოს მხრიდან შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება ესაჭიროება.
ეკონომიკის მიმართულებით ევროკავშირის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა twitter-ის ანგარიშზე დაწერა, რომ სტაბილური პოლიტიკური კლიმატი საქართველოსთვის ამ დახმარების მისაღებად გადამწყვეტი იქნება.
“იმისთვის, რომ ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ნაწილი გაიცეს, საკანონმდებლო კუთხით მეტი პროგრესია საჭირო. სტაბილური პოლიტიკური კლიმატი გადამწყვეტი იქნება წინსვლისთვის", - წერს დომბროვსკისი.
საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს შორისაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის მიმართული რეფორმებიც, უფრო კონკრეტულად კი საუბარია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის წესების გაუმჯობესებაზე. ასევე დოკუმენტში საუბარია სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ზრდისთვის ახალი კორპორაციული სტანდარტების დანერგვაზე. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მიერ შესასრულებელ რეფორმათა შორისაა შენობების ენერგოეფექტურობის ეროვნული სტანდარტების მიღება, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წესების შესაბამისი იქნება, ასევე ვალდებულებებს შორისაა დასაქმების ბაზრის ახალი მარეგულირებელი ნორმების მიღებაც.