მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ავტომობილების ექსპლუატაციის საშუალო ასაკმა რეკორდს მიაღწია - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

628cb3e1277b0
გიორგი თოლორდავა
24.05.22 14:35
21685
ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილების მოხმარების საშუალო ასაკმა 12.2 წელს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ეს სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკელები ძველ ავტომობილებს შედარებით უფრო მეტი ხნით იყენებენ, ახალი მანქანების შეძენისგან კი თავს იკავებენ.

ექსპლუატაციის საშუალო ასაკის ზრდა პირდაპირაა დამოკიდებული ბაზრისთვის ახალი ავტომობილების მიწოდების შემცირების სტატისტიკაზე. საგულისხმოა, რომ 2020 წლიდან ავტოინდუსტრია რიგი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. პირველ რიგში, COVID-19-ის გავრცელების გამო, ქარხნების ნაწილი დაიხურა, უმსხვილესმა კომპანიებმა (Ford, GM, Mercedes, BMW, Toyota) საწარმოო პროცესი რამდენჯერმე შეაჩერეს, რის შედეგად, ბაზარზე ახალი ავტომობილების მიწოდება შეიზღუდა, მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორების გათვალისწინებით კი, მეორეულ ავტომობილებზე ფასები, დაახლოებით, 25%-ით გაიზარდა.

მეორე ძირითადი ფაქტორი მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს და მსოფლიოს მასშტაბით ნახევარგამტარებისა და კომპიუტერული ჩიპების დეფიციტს უკავშირდება, რომელიც დღემდე აქტუალურ საკითხად რჩება და ტექნოლოგიური წარმოების სფეროს უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს.

ანალიტიკოსების შეფასებით, მხოლოდ ნახევარგამტარების დეფიციტის გამო, 2021 წელს 1.5 მილიონი ერთეულით ნაკლები ავტომობილის წარმოება იქნა შესაძლებელი, ვიდრე ნორმალურ პერიოდში.

საბოლოო ჯამში, საშუალოსტატისტიკურ ამერიკელ მომხმარებელს უფრო მეტი ხნით უწევს ძველი ავტომობილის გამოყენება და, რაც მთავარია, მისი შეკეთება.

ზემოხსენებული ფაქტორები, ცხადია, ასახვას პოვებს მეორეული ავტომობილების ბაზარზე და, რაც ქართველი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესოა - საავტომობილო აუქციონებზე (Copart, IAAI).

2019 წელს საქართველოში იმპორტის სახით 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 31.4%-ით, 759 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 2021 წელს ქვეყანაში 898 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები შემოვიდა, რაც 2020 წლის მონაცემებს აღემატება, თუმცა თითქმის 200 მილიონით ჩამორჩება 2019 წლის მონაცემებს.

იმპორტის შემცირებული მაჩვენებელი, გარკვეულწილად, სწორედ იმ ფაქტორს უკავშირდება, რომ აშშ-ის მეორეულ ბაზარზე შედარებით ნაკლები ავტომობილია ხელმისაწვდომი, თანაც გაცილებით უფრო მაღალი ფასით, ასაკითა და გარბენით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები