„ბორჯომის“ აქციების ნაწილს საკუთრებაში მივიღებთ და ეს არ იქნება დროებითი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „რეფორმერის“ წევრის, ხათუნა სამნიძის კითხვაზე პასუხად განაცხადა.
მინისტრის თქმით, „ბორჯომის“ აქციების ნაწილის სახელმწიფო საკუთრებაში მიღების პროცესი გრძელდება და ამაზე მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.
ცნობისთვის, 19 მაისს "IDS ბორჯომმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ IDS Borjomi-ის აქციების ნაწილის გადაცემის საკითხს ორი უწყება შეისწავლიდა. თუმცა მას შემდეგ დამატებითი დეტალების შესახებ მთავრობას საზოგადოებისთვის ინფორმაცია აღარ მიუწოდებია. დღეს კი პარლამენტში მისულ ეკონომიკის მინისტრს განმარტების გაკეთება მოუწია.
„გავაკეთეთ განცხადებები, თუმცა ბევრი ინფორმაციის გაცემა სხვადასხვა ეტაპზე არ შეგვეძლო, ვინაიდან ჩვენ კომპანიასთან კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვიყავით. საუბარი სანქციების თავიდან არიდებაზე არ არის. ამაზე ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორს, საუბარია იმაზე რომ სახელმწიფომ საკუთრებაში აიღოს "ბორჯომის" აქციების ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს რომ კომპანია აღარ იყოს სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ. თუმცა არის ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსი, რომელთა გავლა ხდებოდა იურიდიულ მარეგულირებელთან, რომლებმაც სანქციები შემოიღეს, ეს ეხება ევროპელ და ბრიტანელ მარეგულირებლებს. ამას ბევრი იურიდიული პროცესის შესწავლა დასჭირდა და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია ეს პროცესი. უახლოეს მომავალში მთავრობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და საზოგადოებას გავუზიარებთ მეტ ინფორმაციას. თუმცა კონკრეტული არის ის, რომ საკუთრებაში ავიღებთ აქციების ნაწილს და ეს არ არის დროებითი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ხათუნა სამნიძემ აღნიშნულ საკითხზე კითხვა დღეს ირაკლი ღარიბაშვილსაც დაუსვა. თუმცა პრემიერმა კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.
IDS Borjomi International-ის ძირითადი აქციონერია რუსული "ალფა ჯგუფი" (Alfa Finance), რომელიც თავის მხრივ, სანქცირებული რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებულია. "ალფა" ბორჯომის საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს, როდესაც რუსულმა ჰოლდინგმა 60%-იანი წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან $460 მილიონად შეისყიდა. შედეგად, ამჟამად IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს "ალფა ჯგუფი"; 40%-იან წილს კი პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს. უშუალოდ კომპანია IDS Borjomi International-ს კვიპროსში რეგისტრირებულ კომპანია Rissa Investments Limited-ი ფლობს, რომლის აქციონერებიც სწორედ "ალფა ჯგუფი" და პატარაკაციშვილების ოჯახი არიან.