მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დააფინანსებენ თუ არა "ნენსკრაჰესს" - EBRD-ის, ADB-ისა და EIB-ის პასუხები

604b5ebd04a54
შოთა ტყეშელაშვილი
12.03.21 19:14
2877
საქართველოს ენერგეტიკაში "ნენსკრაჰესის" $1-მილიარდიანი პროექტი ერთ-ერთი უმსხვილესია. თავდაპირველად პროექტის დასრულების თარიღად 2020 წელი განიხილებოდა, თუმცა იმის გამო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შესაბამისი პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი პროტესტიც არსებობს, სადგურის დასრულების სავარაუდო თარიღმა 2025 წლისთვის გადაიწია. 

ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2020 წელს საჩივრის ორწლიანი განხილვა დაასრულა და მიღებული  გადაწყვეტილებით აღნიშნა, რომ პროექტი EBRD-ის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და სს “ნენსკრა ჰიდროს” ამ სტანდარტების დაკმაყოფილების ვალდებულება განუსაზღვრა.

“ნენსკრაჰესის” $1 მილიარდიანი პროექტი ვერ განხორციელდება, თუკი მას გრძელვადიან კრედიტებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ გამოუყოფენ. EBRD და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტებია, რომლებიც დაფინანსების საკითხს სწავლობენ. EBRD-ის მხრიდან საუბარია $214 მილიონზე, EIB-ის მხრიდან კი $150 მილიონი დოლარის სესხზე. მათ გარდა, პროექტისთვის $314-მილიონიანი კრედიტის დამტკიცების საკითხს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) სწავლობს.

"ნენსკრაჰესის" პროექტის ძირითადი დეველოპერი და ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია, მას 2015 წელს დაფუძნებულ სს “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, დანარჩენი 8.1%-იანი აქციების მფლობელი კი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი “საპარტნიორო ფონდია”.

BMG-იმ სამ საფინანსო ინსტიტუტს მიმართა კითხვებით, რჩებიან თუ არა ამ პროექტის პოტენციურ დამფინანსებელთა შორის. EBRD-ში აცხადებენ, რომ კვლავ უჭერენ პროექტის განვითარებას მხარს და თავად “ნენსკრა ჰიდრომ” ბანკის მიერ გაცემული რეკომენდაციების ნახევარზე მეტის დაკმაყოფილება შეძლო. EIB-ში აცხადებენ, რომ აგრძელებენ მუშაობას პროექტის დეველოპერთან, რათა სხვადასხვა მიმართულებით არსებულ საკითხებს, მათ შორის ანგარიშვალდებულების შესახებ კითხვებს გაეცეს პასუხი. საფინანსო ინსტიტუტში ასევე აცხადებენ, რომ COVID-19-ის მიერ გაზრდილი გაურკვევლობის გამო, უჭირთ იმის თქმა რამდენად რეალისტურია პროექტის 2025 წლამდე დასრულების შესაძლებლობა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პასუხები “ნენსკრაჰესის” პროექტთან დაკავშირებით:

EBRD:

“EBRD კვლავ არის ამ პროექტის განხორციელების მხარდამჭერი. გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი მიმდინარეობის პროექტის მენეჯმენტის მხრიდან და ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებით არსებულ კარგ პროგრესზე ვისაუბროთ, რადგან “ნენსკრა ჰიდრომ” რეკომენდაციების უმეტესობის იმპლემენტაცია უკვე მოახდინა. დაფინანსების ხელშეკრულება პროექტთან მიმართებით გაფორმებული არ არის.”

EIB-ის პასუხი:

“სესხის გაცემის შესახებ შეთავაზება კვლავ აქტიურია. EIB მჭიდროდ მუშაობს პროექტის განმახორციელებელთან და პროექტის სხვა პოტენციურ დამფინანსებელ საფინანსო ინსტიტუტებთან და სხვა სტეიკჰოლდერებთან ერთად, რათა პროექტის შესახებ არსებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ანგარიშვალდებულების მექანიზმთან მიმართული საკითხები იქნას გადაჭრილი.

მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საკმაოდ კომპლექსური საკითხია და ისინი მრავალ ფაქტორზე არიან დამოკიდებული. ხაზს ვუსვამთ რომ პროექტი კვლავ განხილვის სტადიაზეა და COVID-19-ის მიერ მომატებული გაურკვევლობის გამო გვიჭირს სრულად გავცეთ თქვეს კითხვას პაუსიხი იმის თაობაზე იქნება თუ არა პროექტი 2025 წლისთვის დასრულებული.”

ADB-ის პასუხი:

“ADB-ის ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვრჩებით პროცესში ჩართულები და ვაგრძელებთ “დიუ დილიჯენსის” პროცესს და მან ბანკის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე დასამტკიცებელად შესვლამდე განხილვების არაერთი ფაზა უნდა გაიაროს. იმისთვის, რათა ეს მოხდეს, “დიუ დილიჯენსის” პროცესმა უნდა ნათლად წარმოადგინოს, რომ პროექტი როგორც ADB-ის ასევე სხვა სტეიკჰოლდერების მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში და ამასთან სხვადასხვა მოსარჩელე მხარეებთან “ნენსკრა ჰიდროს” მიმდინარე დავები დამაკმაყოფილებლად არის გადაჭრილი.

იმის გამო, რომ “დიუ დილიჯენსის” პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ჩასატარებელია მოკლებული ვართ შესაძლებლობას სრულად გავცეთ თქვენ კითხვას [რეალისტურია თუ არა პროექტის 2025 წლამდე დასრულება] პასუხი. ამჟამად ჩვენ “დიუ დილიჯენსის” პროცესის გაჭიანურებას ვხედავთ.”- ნათქვამია ბანკის წერილობით პასუხში.

ნენსკრაჰესის ტექნიკური მაჩვენებლები:

280 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, საქართველო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) შეიძენს.

დღესდღეობით, საქართველო ზამთარში, განსაკუთრებით ნოემბერ–იანვარში ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის, რადგან მდინარეებში წყლის დონე იკლებს, შიდა ენერგომოხმარება კი, იზრდება. ამასთანავე, ყოველწლიურად მატულობს იმპორტირებული ელექტროენერგიის ოდენობა. ახალი ელექტროსადგური საქართველოს სწორედ აღნიშნულ პერიოდში მისცემს იმპორტის შემცირების შესაძლებლობას.

პროექტის თანახმად, ნენსკრას კაშხლის სიმაღლე 125 მეტრი, სიგრძე კი 870 მეტრი იქნება. ის შექმნის 176 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს, 2.7 კმ² ზედაპირის ფართობით. მდინარე ნაკრაზე ასევე აშენდება 8.7 მ სიმაღლისა და 44.0 მ სიგრძის მცირე კაშხალი.

“ნენსკრა ჰიდრომ” 2018 წელს - 21.6 მილიონი ლარის, 2019 წელს კი, 15.6 მილიონი ლარის ხარჯი გასწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები