წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ასობით მოქალაქე კვლავ ელის. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობის აღდგენა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, როგორც ბიზნესი ამბობს, დაპირება დაპირებად დარჩა.
მთავრობის განკარგულებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად პროკურატურაში 2015 წელს სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც უფლებამოსილია მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების დაბრუნების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება.
დღეს პარლამენტში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას კითხვა სწორედ სამართლიანობის აღდგენის საკითხზე დაუსვეს. გახარია დაეთანხმა დეპუტატს, რომ პროცესი ნელი ტემპით მიდის და ამ საკითხზე კონცენტრირებული მუშაობაა საჭირო.
„გენერალურ პროკურატურაში შექმნილი შესაბამისი დეპარტამენტი შეიძლება მუშაობს არც ისე სწრაფად, როგორც ჩვენი სურვილია, ისევე როგორც ქონების დაბრუნებები არის ურთულესი პრობლემა.
ჩვენი ძირითადი პრინციპი უნდა იყოს ყველა ეს პროცედურა ჩავატაროთ მაქსიმალურად სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით, რომ არ გავაჩინოთ რისკი, არ დავტოვოთ არცერთი საშუალება სამართლიანობის აღდგენის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შემდგომ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების ან მათი გასაჩივრების შესაძლებლობის, რომ არ შევიდეთ ამ ჩაკეტილ წრეში, რაც ეკონომიკისთვის იქნება დიდი პრობლემა და ქვეყნის განვითარებისთვის იქნება დიდი პრობლემა.
გეთანხმებით ტემპი არ არის სასურველი და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ შევძლოთ შესაძლო გონივრულ, სწრაფ ვადებში ეს შედეგი დავაყენოთ, თუმცა ასევე გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ეს არ იქნება მარტივი“-განაცხადა გახარიამ.
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად პროკურატურაში 2015 წელს შექმნილი სპეციალური დეპარტამენტი 8 პროკურორის, 8 გამომძიებლის, ხელმძღვანელისა და მისი მოადგილით არის დაკომპლექტებული. მათ კი 50 ათასზე მეტი საქმე აბარიათ.
დეპუტატის შენიშვნაზე, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კადრების დამატება, პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მას მომავალ კვირაში ექნება შეხვედრა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და თუ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება, ადამიანური რესურსი დეპარტამენტს აუცილებლად დაემატება.