მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორის ქარის ელექტროსადგური $14.4 მილიონად გაიყიდა - მყიდველი "საქართველოს კაპიტალია"

5dce53a358503
შოთა ტყეშელაშვილი
15.11.19 11:33
10791
საქართველოს პირველი ქარის ელექტროსადგური გაიყიდა. პრივატიზების შედეგად, ელექტროსადგური საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის "საქართველოს კაპიტალის" შემადგენლობაში არსებული კომპანია გახდა. 

სადგურში გადახდილი თანხა $14.4 მილიონ დოლარს შეადგენს. ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" და "საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ" გამოაცხადეს.

BMG-სთან საუბარში "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ სადგურის შესყიდვით, აუქციონის მიმდინარეობის პერიოდში სულ ცხრა კომპანია დაინტერესდა. 

შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” ქონება 11 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 6 ქარის ტურბინისგან (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH) შედგება, თითოეული ტურბინის სიმძლავრე 3.45-მეგავატია. 

ელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიღებული 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა. 2016 წლის 10 ნოემბრიდან შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საცდელი გაშვების რეჟიმში რეგისტრირებულ იქნა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, ხოლო 2017 წლის 27 იანვრიდან, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ დარეგისტრირდა როგორც კვალიფიციური საწარმო აღრიცხვიანობის ერთიან რეესტრში. 

სადგურის გამომუშავების წლიური საპროგნოზო მოცულობა 84 100 000 კვტ/სთ–ია. 

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით ყიდულობს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%, კილოვატის დადგენილი ღირებულება $6.89 ცენტს შეადგენს. 

შესაბამისად, გამომუშავების აღნიშნული მოცულობის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსისტემა ქართლის ელექტროსადგურს წლიურად $5,795,000-ს, ანუ 10 წლის განმავლობაში $57,500,000-ს გადაუხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები