საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) გადაწყვეტილებით, მაისიდან ივლისის ჩათვლით, გენერაციის ობიექტები ელექტროენერგიის გასაყიდად პირდაპირ ხელშეკრულებებს ვერ გააფორმებენ. ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც სსე-მ გენერაციის ობიექტებს გაუგზავნა.
წერილში, რომელიც 27 აპრილით თარიღდება, ელექტროსისტემა განმარტავს, რომ მაისიდან ივლისის ჩათვლით, ელექტროენერგიის მოხმარება სავარაუდოდ მკვეთრად შემცირდება, ამიტომ ქვეყნას ჭარბი ელექტროენერგია ექნება, შესაბამისად ჰესებს ჰიდრორესურსების დაღვრა მოუწევთ. ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიზეზი კი, კორონავირუსის გამო გაჩერებული კომერციული ობიექტებია.
ეს წერილი, რამდენადაც BM.GE-სთვის ცნობილია, დერეგულირებულ, მცირე ჰესებს გაეგზავნა და ეხება იმ მოქმედ, თუ უახლოეს პერიოდში ექსპლოატაციაში გასაშვებად გამზადებულ ელექტროსადგურებს, რომლებსაც თავიანთი ელექტროენერგიის გასაყიდად პირდაპირი ხელშეკრულებები გაფორმებული არ აქვთ, პირობითად, რომელიმე საწარმოსთან.
„როგორც ცნობილია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიმდინარე წლის 20 აპრილის N1-1/170 ბრძანებით, შეიცვალა და ხელახლა დამტკიცდა საქართველოს 2020 წლის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი. ელექტროენერგიის მოხმარების მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე მაის-ივლისის თვეებში, როგორც სავარაუდო მოხმარების, ასევე საექსპორტოდ გათვალისწინებული მოცულობების მკვეთრად შემცირება არის მოსალოდნელი, რაც გამოიწვევს ჰიდრო რესურსის დაღვრას.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის, მთავარ ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს სისტემის მდგრადობა, სტაბილურობა და საიმედო ფუნქციონირება. მოცემულ ვითარებაში, როდესაც საგრძნობლად არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება და ასევე ექსპორტის შესაძლებლობები, მნიშვნელოვანია ელექტროენერგეტიკული სისტემის დისპეტჩერმა არ დაუშვას ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავების და სისტემაში მიწოდების შესაძლებლობა, რამდენადაც ფაქტიურად არ არსებობს ამ სახის ჭარბი ენერგიის კომპენსირების სხვა ალტერნატივა.
აქედან გამომდინარე ბაზრის წესების მე-9 მუხლის მე-4 დ) ქვეპუნქტის თანახმად (პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია, ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას;) შეიზღუდება პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაცია და შესაბამისად მოხდება გენერაციის ობიექტების გამომუშავების შეზღუდვა, რაც გარდაუვალს ხდის ჰიდრო რესურსის (წყლის) დაღვრას.
შესაბამისად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ერთიანი ენერგეტიკული სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები და 2020 წლის მაის-ივლისის განმავლობაში, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოქმნილი სიჭარბის შედეგად მიმდინარე შეზღუდვები“, - ნათქვამია წერილში.
აღნიშნული წერილის ერთ-ერთი ადრესატია კომპანია „ენერჯი სოლუშენი“, რომელიც მცირე ელექტროსადგურების პროექტებზე მუშაობს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილი განმარტავს, ამ შეზღუდვის გამო, „ენერჯი სოლუშენმა“, რომლიც ივნისის პირველ ნახევარში 9.5 მგვტ სიმძლავრის „ლახამი ჰესის“ ამუშავებას გეგმავს, შეიძლება გადაწყვეტილება შეცვალოს და ობიექტის ექსპლოატაციაში შესვლის თარიღი გადაწიოს. აბრამიშვილის თქმით, ელექტროსისტემის გადაწყვეტილების შედეგად, მცირე ჰესებისთვის გასაღების ბაზარი მხოლოდ მეზობელი ქვეყნები რჩება, მათ კი თავიანთი ენერგიაც ჭარბად აქვთ და საქართველოდან იმპორტი ნაკლებად სჭირდებათ.
„ახლა, იმიტომ რომ ჭარბი ენერგია შეიქმნება ქვეყანაში, საქართველოს ელექტროსისტემამ დაგვიგზავნა ყველას წერილები, რითაც შეგვიწყვიტა პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება მაისში, ივნისსა და ივლისში, რაც ძალიან ცუდი სიგნალია. ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ ივნისში ერთ-ერთი ჰესი გავუშვათ ექსპლოატაციაში, მაგრამ თურმე ზაფხულის თვეებში ელექტროენერგიის გაყიდვის საშუალება არ გვექნება.
ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ „ენგურჰესი“ პრაქტიკულად დაცლილია და შეიძლება იქ წყლის დაგროვება, მაგრამ მეორეს მხრივ, მცირე, დერეგულირებულ სადგურებს მთავრობა ეუბნება, რომ ხელშეკრულებების არ გაგიფორმებთ, რაც ისედაც გართულებულ ენერგოსექტორში, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. ამ ხელშეკრულებების რეგისტრაცია შეწყდა და ზაფხული ვისაც არ ჰქონდა უკვე დაკონტრაქტებული, დარჩა ამის იქით.
ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ ამ თვეებში ელექტროენერგიის ფასი დაბალი იქნებოდა, მაგრამ არ ვიყავით მზად იმისთვის, რომ საერთოდ ვერ გავაფორმებთ ხელშეკრულებას და ჰიდრორესურსის დაღვრა მოგვიწევს.
საექსპორტო ბაზარს რაც შეეხება, ექსპორტზე გატანა შეიძლება, მაგრამ გარშემოც, მეზობლებთანაც ყველგან იგივე სიტუაციაა - მოხმარებამ ყველგან დაიკლო და შესაბამისად, ფასებიც ძალიან არასახარბიელოა, მაგრამ მანდ მთავარი რა არის იცით? - მთავარია გამჭვირვალობა. თუ მოხმარებამ მართლა ასე დაიკლო, რომ მიწოდება აჭარბებს, თანაბრად ყველაზე უნდა გადანაწილდეს და დავუშვათ, გენერაციის 10-10% ყველამ დაიკლოს“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
დაწესებული შეზღუდვების მიზეზებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას BM.GE საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან ხვალ ელოდება.