მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: 20%-იანი საშემოსავლო დაბალშემოსავლიანებისთვის არაპროპორციულად მძიმე ტვირთია

6149ea22d752c
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.21 18:40
3533
საქართველოში ყველა დასაქმებული მოქალაქე ხელფასის 20%-ის სახით საშემოსავლო გადასახადს იხდის - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, არსებული საგადასახადო სისტემა დაბალშემოსავლიანი და მოწყვლადი მოსახლეობისთვის არაპროპორციულად მაღალ საგადასახადო ტვირთს წარმოადგენს.

IMF-ის მიმოხილვაში არაა საუბარი იმის შესახებ თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ამის შესაცვლელად, თუმცა, სავარაუდოდ, ფონდი საქართველოს მთავრობას საფეხურებრივი (დიფერენცირებული) საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისკენ მიანიშნებს.

საქართველოში 2009 წლიდან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი მოქალაქის დარიცხული ხელფასია თვეში 2000 ლარი, ის “ხელზე” 1600 ლარს იღებს, 1000 ლარის დარიცხული ხელფასის დროს “ხელზე” 800 ლარს, ხოლო 500 ლარის დარიცხული ხელფასის დროს “ხელზე” 400 ლარს იღებს.

“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლამდე, დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის საშემოსავლო გადასახადის რეფორმირებას და მის ნაწილობრივ საფეხურებრივ სისტემად გარდაქმნას აანონსებდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფინანსთა სამინისტრომ ე.წ. “დაუბეგრავი მინიმუმის” პროგრამა წარადგინა, რომელიც მოქალაქეებს, რომელთა მიერ წლის განმავლობაში მიღებული დარიცხული ხელფასიც 6000 ლარზე ნაკლები იყო, 360 ლარამდე საშემოსავლო გადასახადის დაბრუნებას ჰპირდებოდა. დაუბეგრავი მინიმუმი სულ ორჯერ - 2014 და 2015 წლებში გაიცა და მისი გაცემის საფუძველი 2013 და 2014 წლებში გაცემული ხელფასები იყო. 2016 წლიდან კი მმართველმა პარტიამ საკუთარი საარჩევნო დაპირება “დაივიწყა” და პროგრამა შეაჩერა.

2018 წელს საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით კიდევ ერთი ცვლილება მოხდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში" ჩაიწერა, რომ მოქალაქის მიერ გადახდილი 20%-იანი საშემოსავლო გადასახადიდან 2 პროცენტული პუნქტის ოდენობით თანხა ამ მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს და მას საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დაუბრუნდეს. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადი (ყოველთვიურად ხელფასიდან ჩამოჭრილი თანხა) კვლავ 20% დარჩა, საიდანაც 18% ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება და მას მთავრობა სხვადასხვა მიმართულებით ხარჯავს, ხოლო ამ თანხის 2 პროცენტული პუნქტი კი გიბრუნდებათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკს მიაღწევთ. თუმცა, მთლიანობაში საპენსიო რეფორმამ ქვეყანაში შრომის ღირებულება გაზარდა, რადგან მოქალაქეების და ბიზნესების ხარჯი თვეში ხელფასის ოდენობის 4%-ით გაიზარდა.

2018 წლის შემდეგ, მთავრობამ საშემოსავლო გადასახადის შემცირების ან მისი მოდიფიკაციისთვის მხოლოდ ერთი ცვლილება გაატარა - COVID-19-ის პანდემიის გამო, 750 ლარამდე ხელფასები საშემოსავლო გადასახადისგან სრულად, 1500 ლარამდე ხელფასები კი ნაწილობრივ გათავისუფლდნენ, თუმცა ეს შეღავათი არა - მოქალაქეებისთვის, არამედ ბიზნესებისთვის იყო გათვალისწინებული. აღნიშნული შეღავათი 2021 წლის 1 ივნისს დასრულდა და მის ფარგლებში კერძო სექტორში დაახლოებით 500 მილიონი ლარი დარჩა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები