მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერვიუ „კარფურის“ გენერალურ დირექტორთან - #Forbesკვირა

60b79e655c6c6
BM.GE
03.06.21 09:45
1345
„კარფურის“ გენერალური დირექტორის კრისტოფ ორსეს განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე „კარფურმა“ საქართველოში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში კიდევ $120 მილიონის ინვესტირებას გეგმავს. კომპანია "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ („კარფური“) გენდირექტორთან ინტერვიუ #Forbesკვირის წამაყვანმა გიორგი ისაკაძემ ჩაწერა.

- მადლობა ინტერვიუსთვის. შეგიძლიათ, მოკლედ გვითხრათ, ოპერირების რა ეტაპზეა ახლა „კარფური“?

პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ მოხარულები ვართ საქართველოში ოპერირებით. როგორც იცით, ბაზარზე 2012 წელს შემოვედით. ჩვენ ვმუშაობთ „კარფურის“ საფრანგეთის ფრენჩაიზის ხელშეკრულებით. დასაქმებული გვყავს 2,500-მდე ადამიანი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. მეამაყება ისიც, რომ დღეს ჩვენი აღმასრულებელი კომიტეტის მნიშვნელოვანი უმრავლესობა - ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდობაა. ეს არის ის, სადაც დღეს ჩვენ ვართ. მიხარია, რადგან ვფიქრობ, 2012 წლის შემდეგ განვითარების კარგი მაგალითი ვაჩვენეთ.

- Forbes-თან წინა ინტერვიუში თქვენ ისაუბრეთ თანამედროვე ვაჭრობის მნიშვნელობაზე და რამდენად სწრაფად იცვლება ის... შეგიძლიათ ახსნათ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი კონკრეტულად საქართველოსთვის?

სამი-ოთხი წლის წინ იყო ისეთი რეალობა, რომელშიც თანამედროვე, ორგანიზებული საცალო ვაჭრობა, დაახლოებით, 16%-დან 18%-მდე იყო წარმოდგენილი. სამ წელიწადზე ნაკლებ დროში ეს რიცხვი გაორმაგდა. ახლა ჩვენ 40%-თან ახლოს ვართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამის მიღმა დინამიკური პროცესია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, საიდან მოდის ეს ყოველივე. წინა პერიოდში, არაორგანიზებული საცალო ვაჭრობა, ტრადიციული საცალო ვაჭრობა თითქმის 90%-ს შეადგენდა; როდესაც „კარფური“ ბაზარზე შემოვიდა, ბევრი მიმართულებით შეუწყო თანამედროვე ვაჭრობის განვითარებას ხელი. ბევრი საცალო მოვაჭრე თამაშში შედიოდა და უფრო და უფრო მეტ მაღაზიას ხსნიდა. ბოლო სამი წლის ტემპის გათვალისწინებით, შეიძლება ველოდოთ კიდევ 10 ან 20 პროცენტს, რითაც თანამედროვე ორგანიზებული საცალო ვაჭრობა, უახლოეს მომავალში 60%-ს მიუახლოვდება. დღეს საქართველოში, დაახლოებით, 1500 მაღაზია გვაქვს.

- და მიუხედავად იმისა, რომ „კარფურს“ ბევრი წინამორბედი ჰყავდა, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ის ნამდვილად იყო თანამედროვე ვაჭრობის ხელშემწყობი?

დიახ. „კარფურმა“ საერთაშორისო გამოცდილება შემოიტანა. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით გლობალურ ბაზარს. ვგრძნობთ მსოფლიო ბაზრის მაჯისცემას და მივყვებით საცალო ვაჭრობის ტენდენციებს მსოფლიოში. არც საქართველოა გამონაკლისი. ჩვენი მისიაა ამ ტენდენციების დაფიქსირება და შემდეგ საჭირო პოლიტიკის განხორციელება ყველგან, მათ შორის საქართველოში. თანამედროვე ვაჭრობას დღეს ბევრი სარგებელი მოაქვს. მაგალითად, „კარფურს“ ქვეყანაში აქტიური წვლილი შეაქვს სურსათზე სტაბილური ფასების შენარჩუნებაში. მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის დაცვა ჩვენთვის ფუნდამენტურია. ასე რომ, „კარფური“ ამ მიმართულებით განუწყვეტლივ მუშაობს, დაბალი ფასების შენარჩუნება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პანდემიის ბოლო 18 თვის განმავლობაში საქართველოში თანამედროვე ვაჭრობის მნიშვნელობა დადასტურდა, რადგან მიწოდების ჯაჭვის საკითხმა შეგვძრა. შეგვძრა ინფლაციამ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გუნდი ყოველდღიურად ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დაბალი ფასები შევთავაზოთ მომხმარებელს.

- 10-ზე მეტმა კომპანიამ „კარფურის“ წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა და კიდევ რამდენიმე სარჩელი მომზადების პროცესშია. ისინი „კარფურს“ უკანონო და არაპარტნიორულ დამოკიდებულებაში სდებენ ბრალს. ასევე, ამტკიცებენ, რომ "კარფური" მათ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საკმაოდ სოლიდურ თანხებს აჭრის. ფიქრობთ, რომ დღეს თქვენი კომპანია ასრულებს მომწოდებელთა წინაშე თავის ვალდებულებებს? და თუ - კი, რატომ გაჩნდა ეს პრობლემა?

დიახ, „კარფურის“ წინააღმდეგ ზოგიერთი მომწოდებლის მხრიდან სარჩელი არსებობს. ეს საქმეები სასამართლოში განიხილება, ამიტომ დეტალებში ვერ შევალ. საქართველოში შემოსვლის შემდეგ ჩვენ ვთანამშრომლობთ 800-ზე მეტ მომწოდებელთან. ჩვენ მათთან ერთად განვვითარდით, მათთან ერთად გავიზარდეთ; ზოგი მათგანი იწყებს ჩვენთან თანამშრომლობას, ბევრი მათგანი იზრდება ჩვენთან ერთად და ა.შ. „კარფურის“ დნმ-ის ნაწილია ქვეყანაში შესვლა, თანამშრომლობა ყველა მომწოდებელთან და ბიზნესის ინტერესის გაზრდა. ჩვენ ასევე წვლილი შევიტანეთ სოფლის მეურნეობის სფეროში, რადგან ხელი მოვაწერეთ პარტნიორობას ადგილობრივ მწარმოებლებთან. ჩვენს ბიზნესში 60% მოდის ქართველი ფერმერებისგან. ჩვენ მათ ვეხმარებით. ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს. კიდევ უფრო მეტს გეტყვით - ჩვენ ქართველი ფერმერებისთვის გლობალურ ქსელს ვხსნით - ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, გაიტანონ თავიანთი პროდუქტი საზღვარგარეთ. ზოგიერთ მომწოდებლებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

- დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს - კონტრაქტს, რომელიც თქვენ ახსენეთ...

ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან „კარფურის“ მრავალწლიან, ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც მრავალჯერ განხილული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და სრულ შესაბამისობაშია ადგილობრივ კანონმდებლობასა და ნორმებთან. ჩვენი ხელშეკრულებები ემყარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას; როდესაც საქართველოში შემოვედით, ყველა მომწოდებელს გავუღეთ კარი. მრავალი წლის განმავლობაში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან, ახალი არაფერია, მათ იციან ხელშეკრულების პირობები. ასე რომ, არაფერი შეცვლილა.

- ჩვენ არ ვისაუბრებთ სამართლებრივ დეტალებზე... დარწმუნებული ვარ, იურისტებს ექნებათ დამატებითი სამართლებრივი არგუმენტები, თუმცა ჩემი კითხვა პროცესს უკავშირდება - როგორ ფიქრობთ, დასრულდება ეს პროცესი მხარეებს შორის მორიგებით? მიუხედავად იმისა, რომ არ იცვლება კონტრაქტის პირობები - ფაქტია, რომ 10-ზე მეტი საჩივარი არსებობს. რა მოხდა? რა შეიძლება ვიფიქროთ ამასთან დაკავშირებით?

ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ დისკუსიას და მოლაპარაკებას. ჩვენ ღია ვართ განხილვისთვის. თქვენ იცით, რომ მოლაპარაკება პროცესია. ეს არ არის ერთი შეხვედრა. მოლაპარაკება მინიმუმ ორ, სამ, ოთხ რაუნდს მოიცავს. ჩვენ გვაქვს ბიზნესის ჩვენი მოდელი და ჩვენი პრინციპები, ასევე არიან მომწოდებლებიც, მათ ბიზნესის თავიანთი მოდელი აქვთ, არჩევანიც მათზეა, თუ რომელ სავაჭრო ქსელთან იმუშაონ. „კარფური“ არ არის დომინანტი და არც არავის ავალდებულებს კონტრაქტზე ხელის მოწერას. ჩვენი კომპანია სრულყოფილად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს მომწოდებლების წინაშე და ამ ხნის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

- მინდა, თანამედროვე ვაჭრობის საკითხს დავუბრუნდეთ და მოგცეთ შანსი, განავრცოთ ეს საკითხი...

იცით, თანამედროვე ვაჭრობა ნიშნავს სტანდარტიზაციას, ნიშნავს ტრანსფორმაციას. მე განვიხილავდი ფასს, რაც შეიძლება მტკივნეული საკითხი იყოს და ხშირად ასეც არის, მაგრამ ამ ტრანსფორმაციაში მხოლოდ ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას - ამაზე ასევე უნდა იმუშაონ დისტრიბუტორებმა. ჩვენ მძლავრად ვმუშაობთ სტანდარტიზაციისა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე, რათა შევასრულოთ საერთაშორისო და ევროპული რეგულაციები. ამ მიმართულებით ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს პრაქტიკას და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ NFA-სთან საქართველოში. ვცდილობთ მომწოდებლებს მივცეთ სარგებელი ამ ტრანსფორმაციისგან, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე ვაჭრობის განვითარებასთან.

თანამედროვე ვაჭრობის სტანდარტიზაცია მოიცავს აგრეთვე მიწოდების ჯაჭვის საკითხის მოგვარებას. პანდემიის დასაწყისში რთული ვითარება შეგვექმნა. მახსოვს, ყველა ურეკავდა ერთმანეთს და სხვადასხვა პროდუქტის მარაგზე ნერვიულობდა. ეს გასულ წელს, კვირების განმავლობაში შეშფოთებას იწვევდა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით პრობლემის მოსაგვარებლად, რათა გამოსავალი გვეპოვნა, რომ მარაგი დაგვეგროვებინა იმ შეზღუდვების ფონზე, რომლებიც იმ მომენტში არსებობდა. თანამედროვე ვაჭრობა ამ პროცესებსაც ეტაპობრივად უნდა გაუმკლავდეს.

მინდა დავასრულო იმით, რაც ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია - თანამედროვე ვაჭრობისა და ტრანსფორმაციის შედეგად განხორციელებული ერთ-ერთი დიდი გარდაქმნა - ადამიანური რესურსების თვალსაზრისითაა, რადგან თანამედროვე ვაჭრობა, ორგანიზებული საცალო ვაჭრობა ადაპტირდება გლობალურ ტენდენციებთან. ჩვენ შევქმენით ციფრული განყოფილება, შევქმენით მომარაგების ჯაჭვის განყოფილება, შევქმენით ლოიალურობის პროგრამის განყოფილება, შევქმენით მონაცემთა ანალიზის განყოფილება. ასევე შევქმენით ახალი პოზიციები, ახალი სამუშაოები ინდუსტრიაში. „კარფურის“ შემთხვევაში, ჩვენ ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი დავასაქმეთ, რომლებმაც უნივერსიტეტი ახლახან დაამთავრეს. ეს არის საცალო ვაჭრობის მომავალი. ჩვენ გვყავს მონაცემთა ანალიტიკოსები, რომლებიც ყოველდღიურად აანალიზებენ ჩვენს საქმიანობას - აანალიზებენ მომხმარებლის ქცევას, რას ყიდულობენ, რატომ ყიდულობენ, სად არის ფასის ელასტიურობა, რის გამოც ხდება შენაძენი ჩვენს ბიზნესში და რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? ჩვენ თანმიმდევრულნი ვართ ჩვენს პრიორიტეტში და ჩვენი საქმიანობის ღერძში და ეს არის მომხმარებელი. ალბათ ეს არის ის, რითაც განსხვავდება თანამედროვე ვაჭრობა, ტრადიციული საცალო ვაჭრობისგან.

- ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა სხვადასხვა ინიციატივა საცალო მოვაჭრეებსა და მომწოდებლებს შორის ურთიერთობის სამართლებრივ დონეზე დარეგულირების მიმართულებით. ხართ ამ ცვლილებების მომხრე?

„კარფურის“ 2012 წელს საქართველოში შემოსვლის მიზეზი, მიმზიდველი და მეგობრული ბიზნესგარემო იყო. ეს ხელს უწყობდა თავისუფალი ბიზნესის პრინციპებს და ვფიქრობ, ეს არის საქართველოში ინვესტორების მოზიდვის რეცეპტი. დარეგულირება, ნამდვილად - არა. ჩემი აზრით, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საცალო ვაჭრობის ორგანიზება. ეს უნდა იყოს ერთობლივი ბრძოლა, რომელშიც დისტრიბუტორიც თანაბრადაა ჩართული - ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საცალო ვაჭრობის დონე ავიყვანოთ გლობალურ დონეზე. პანდემიის დროს აღმოვაჩინეთ, რომ მომხმარებლის ჩვევა მკვეთრად შეიცვალა. ხალხი ოფლაინ ბიზნესიდან ონლაინბიზნესში გადავიდა.
მე მჯერა საცალო ვაჭრობის რეორგანიზაციის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ღია და თავისუფალი ბიზნესის პრინციპები. ეს ჩემი პირადი აზრია. ბიზნესი მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დამატებით ღირებულებას მოუტანს ეკონომიკას, საცალო ინდუსტრიას, ზოგადად, კვების მრეწველობას და მომხმარებლებს.

- მინდა დავუბრუნდე ფინანსურ ანგარიშგებას - 2019 წელს 32.5 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა „კარფურს“, 2018 წელს კი - 27 მილიონი ლარის ზარალი. რა არის დანაკარგების მიზეზი?

ჩვენ ვმუშაობთ სრულად გამჭვირვალედ. სწორედ ამიტომ მიგიწვდებათ ამ ციფრებზე ხელი და მოგყავთ მაგალითად. ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს და ეს ზარალი ძირითადად განპირობებულია ამ ინვესტიციებით. უმთავრესი ინვესტიცია, რომელსაც ვახდენთ - ფასშია. ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ შევინარჩუნოთ დაბალი ფასი ბაზარზე, რადგან გვინდა, შევინარჩუნოთ სურსათის ფასების სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენ ასევე ვდებთ ინვესტიციას სისტემაში. 2019 წელს ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის წამოვიწყეთ ლოიალურობის პროგრამა „მაი ქლაბი“, რომელიც მომხმარებელს ქულების დაგროვების საშუალებას აძლევს. განვაახლეთ ჩვენი მობილური აპლიკაცია, განვაახლეთ ჩვენი ვებგვერდი, რათა განგვეთავსებინა ლოიალურობის პროგრამა საქართველოში, რაც სხვათა შორის, ძალიან წარმატებულია. ასევე, ჩვენ შევქმენით სადისტრიბუციო ცენტრი, რომელიც მდებარეობს ლილოს ბაზართან ახლოს და მუშაობს მომარაგებისა და იმპორტის მიმართულებით. აუცილებელია სისტემატიზირება, რათა ვმართოთ მარაგი და შეკვეთები. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა რუტინაში დარჩენა. ჩვენ უნდა ვადაპტირდეთ გლობალურ ტენდენციებთან.

- მოგვიყევით გაფართოების გეგმაზეც. გარდა ფინანსური რესურსებისა, გაფართოების მიზანს სჭირდება ადამიანური რესურსები…

ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, ჩვენ, დაახლოებით, $150-მილიონიანი ინვესტიცია ჩავდეთ. ვაპირებთ კიდევ $120 მილიონის ინვესტიციას შემდეგი ორი, სამი წლის განმავლობაში. 2500 თანამშრომელი გვყავს. ვგეგმავთ კიდევ 1200 თანამშრომლის აყვანას მომდევნო ორი, სამი წლის განმავლობაში - გაფართოების გეგმის შესასრულებლად. ეს ყველასთვის სასარგებლო უნდა იყოს - მომწოდებლისთვის, ფერმერისთვის, სოფლის მეურნეობისთვის. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს - წელიწადნახევრის წინ გავხსენით სწავლისა და განვითარების ცენტრი, რომელიც დაფუძნებულია Tbilisi Mall-ში. ასე რომ, გვაქვს კარგი ინსტრუმენტი, სასწავლო ცენტრი, სადაც ვასწავლით მომავალ და ამჟამინდელ თანამშრომლებს. გარკვეული პოზიციის თანამშრომლებისთვის გარე ტრენინგებს ატარებენ საზღვარგარეთის ყველაზე წარმატებული საკონსულტაციო კომპანიები. ეს ყოველივე საჭიროა, რათა მოვახერხოთ გავუთანაბრდეთ საცალო ვაჭრობის ბიზნესის ევოლუციას, ვიყოთ უფრო მზად გაციფრულებისათვის და ბიზნესის კეთების ახალი გზებისთვის.

- 1500 მაღაზია საქართველოში, როგორც თქვენ ახსენეთ, სადაც „კარფური“ წარმოდგენილია 45-ით. თქვენ აღნიშნეთ, რომ ინვესტირებას აკეთებთ ფასში. ჩემი კითხვაა, რა არის „კარფურის „საბაზრო ქუდი“? თქვენ მთავარი მოთამაშე ხართ. თქვენ ამას ადასტურებთ. ამავდროულად, 45 მაღაზიას წარმოადგენთ 1500 მაღაზიიდან…

საქართველოში, თანამედროვე ვაჭრობა მთლიანი საცალო ვაჭრობის 40%-ია. ჩვენი წილი 20%-ზე ოდნავ ნაკლებია. მთლიანობაში, ვფიქრობ, ჩვენ წარმოვადგენთ მთლიანი საცალო ვაჭრობის ალბათ 6%-ს. ასე რომ, როგორც ხედავთ, ჩვენ არ ვართ დომინანტები. მომწოდებლებს, მწარმოებლებს და მომხმარებელსაც ნამდვილად აქვთ არჩევანი. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, „კარფური“ გააგრძელებს სწრაფ გაფართოებას ქვეყანაში ახალი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების გახსნით, რითიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ხელს შეუწყობს მზარდი შესაძლებლობების შექმნას ადგილობრივი მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისათვის, შესთავაზებს ახალ სამუშაო ადგილებს საქართველოს მოსახლეობას და კვლავ გააგრძლებს თითოეული მომხმარებლის მსყიდველობითი შესაძლებლობების დაცვას.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები