მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი: მინდა, დაგამშვიდოთ, კლინიკების დასჯის გეგმა არ გვაქვს

5eedfda80e06a
თელარა გელანტია
20.06.20 17:50
1492
ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს. რამდენიმე დღის წინ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაალ კაპანაძემ გადაცემა “საქმის კურსში” განაცხადა, რომ მათ მიერ აღმოჩენილია არაერთი შემთხვევა, როდესაც კლინიკებმა იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც რეგულირების სამსახური მოკვლევას აწარმოებდა, დოკუმენტები გააყალბეს. სწორედ ამით ხსნის უწყება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებს.

საქმე იმაშია, რომ მოქმედი კანონმდებლობა კლინიკიდან ინფორმაციის ამოღების პროცესში სასამართლოს ჩართულობას ითვალისწინებს, რომლის განჩინების საფუძველზეც ხდება მოთხოვნილი ინფორმაციის ამოღება. ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების დამტიცებით შემთხვევაში, სასამართლოს განჩინება საჭირო აღარ იქნება, თავად რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები კი გაიზრდება.

წარდგენილ ცვლილებებს “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” ეწინააღმდეგება. ორგანიზაციის შეფასებით, “სუსტდება სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას სასამართლოს როლი და მკვეთრად იზრდება გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა.”

ამ თემასთან დაკავშირებით bm.ge-მ რამდენიმე კითხვა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესაც დაუსვა. ის ირწმუნება, რომ კანონი არ ისახავს მიზნად, ჯანდაცვის სამინისტრო დამსჯელი ორგანო გახდეს.

- რატომ დგება ჯანდაცვის სამინისტრო სასამართლოზე მაღლა?

- ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ჩვენი მსოფლმხედველობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დამსჯელი ორგანოა თუ პარტნიორი ორგანო. ამ შემთხვევაში, სამინისტრო წარმოადგენს ორგანოს, რომელიც თანაბრად იცავს როგორც პაციენტის უფლებებს ისე სამედიცინო დაწესებულებების უფლებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვნია პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეს კანონი მიზნად არ ისახავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ დამსჯელი ორგანო.

- სასამართლოს რგოლი რატომ ამოგადეთ ანუ რატომ სურს სამინისტროს, სასამართლოს განჩინების გარეშე შეეძლოს კლინიკებიდან საჭირო დოკუმენტაციის ამოღება?

- სასამართლოს რგოლში ძალიან ხშირად იყო უკმაყოფილება პაციენტების მხრიდან, ვინაიდან ისინი თვლიდნენ, რომ ვერ პოულობდნენ სამართალს და სასამართლოს მხრიდან ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული იყო ჩვენთვის დოკუმენტების შესწავლის უფლებამოსილების მოცემა. ისინი ეჭვობდნენ, რომ კლინიკების მიერ ხდებოდა ამ დოკუმენტების გაყალბება. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მყისიერ რეაგირებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილების საშუალება გვეძლევა.

- სასამართლოსთან თუ გიცდიათ კომუნიკაცია, რომ უფრო ეფექტურები/ოპერატიულები გამხდარიყვნენ?

- სასამართლოსთანაც გვქონდა გარკვეული მცდელობები, მაგრამ მინდა, დაგამშვიდოთ, რომ არ გვაქვს არანაირი გეგმა იმის, რომ დავსაჯოთ სამედიცინო დაწესებულებები და არ წარმოვადგენთ ისეთ ორგანოს, რომელმაც უნდა მსგავსი ზემოქმედება მოახდინოს.

- კორუფციის რისკებსაც ვერ ხედავთ იმაში, რომ რეგულიების სააგენტო თქვენი ბრძანების საფუძველზე შეამოწმებს კლინიკებს და სასამართლოს განჩინება არ იქნება საჭირო?

- ვერა. მაშინ რატომ ვერ ხედავთ კორუფციის რისკებს სასამართლოსთან მიმართებაში?! პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავიცვათ მოქალაქეების უფლებები და როდესაც ჩვენს მოქალაქეს აქვთ დაცულობის შეგრძნება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოში მუშაობს სისტემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები