ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ის პროგნოზით, 2020 წელს ქართული ბანკები “მცირე ზარალით” დაასრულებენ. ამასთან, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საბანკო სისტემაში უმოქმედო სესხების ზრდა არის მოსალოდნელი.
ქვეყანაში მოქმედი თხუთხმეტივე კომერციულ ბანკს ფინანსური შედეგები საჯარაოდ აქვს გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის პირველ ნახევარში სექტორის ჯამური ზარალი 486 მილიონი ლარი იყო.
კობა გვენეტაძუს განცხადებით, არსებული ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირება იყო. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.
“რა თქმა უნდა, იქნება პორტფელის გაუარესება, რა თქმა უნდა, უმოქმედო სესხები აღარ იქნება ისეთი დაბალი, როგორიც ის დღესაა. უნდა ითქვას, რომ უმოქმედო სესხები საკმაოდ დაბალი გვქონდა არამარტო რეგიონის ქვეყნებთან, არამედ უმრავლეს შესადარის ქვეყნებთან მიმართებით, მაგრამ ეს ზრდაც უმოქმედო სესხების იქნება აბსოლუტურად გადატანადი ფინანსური სისტემის მიერ, რადგანაც მათ აქვთ ძალიან კარგი ბაზა როგორც ლიკვიდობის, ასევე კაპიტალის, რომლის დაგროვებაც დროთა განმავლობაში ხდებოდა. მოგეხსენებათ, ბანკების მიერ შეფასებულმა საკრედიტო დანაკარგება 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის პოტენციური ხარჯი და ზარალი, შესაძლებელია, უფრო ნაკლები იყოს. კომერციული ბანკები ახორციელებენ აქტიურ შეფასებას და მე იმედი მაქვს, რომ ეს თანხა ამდენი (1.2 მილიარდი ლარი) არ იქნება, თუმცა ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც თუ ასე იქნა, ბანკები ინარჩუნებენ კაპიტალის ადეკვატურობას და ლიკვიდურობას საკმაოდ მაღალ დონეზე და მათ ფუნქციონირებას არანაირი პრობლემა არ ემუქრება. რაც შეეხება მათ ზარალს, გატარებული რეზერვების გამო შესაძლოა, რომ 2020 წელი მათ მცირე ზარალით დაასრულონ, თუმცა სტაბილური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ისინი საკუთარ პოზიციებს შემდეგ წელს უკვე აღიდგენენ", - ამბობს კობა გვენეტაძე.
როგორია ბანკების საოპერაციო საქმიანობა?
რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობას, 2020 წლის პირველ 6 თვეში საპროცენტო შემოსავლების სახით 1.62 მილიარდი ლარი მიიღეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია. უფრო კონკრეტულად კი ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 968 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურად 2%-ით არის გაზრდილი, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან შემოსავალი კი, 654 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 20%-ით არის გაზრდილი.
არასაპროცენტო შემოსავლები კი, 421 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 4%-ით არის გაზრდილი. ამ ქვეჯგუფს განეკუთვნება ბანკების ისეთი შემოსავლები, როგორიცაა საკომისიოები, ჯარიმები და სხვა. საკომისიოებიდან შემოსავალი 2020 წლის პირველ ნახევარში 135 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით ნაკლებია, ხოლო ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი კი 56%-ით არის შემცირებული და 21.3 მილიონ ლარს შეადგენს. სავარაუდოდ, ვალუტის გადახურდავებაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ბანკებმა საკონვერსიო ოპერაციებიდან 177 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2019 წელთან შედარებით 30%-ით მეტია.
რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს, ის 2.867 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 70%-ით მეტია. სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვებული 1.2 მილიარდი ლარი სწორედ ამ ხარჯებში შედის. დარეზერვების გარდა, ბანკებს საპროცენტო ხარჯებიც გაეზარდათ. კერძოდ კი, დეპოზიტებზე საპროცენტო ხარჯი 96 მილიონით არის გაზრდილი და 508 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო თავად ბანკების მიერ მოზიდულ სხვა ნასესხებ სახსრებზე საპროცენტო ხარჯი 47%-ით არის გაზრდილი და 392 მილიონ ლარს აღწევს.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ქართული ბანკების ზარალი 2020 წლის პირველ ნახევარში 486 მილიონი ლარი იყო.
უფრო დეტალურად კონკრეტული ბანკების მოგება/ზარალის რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.