მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის გაცვლითი კურსის მიმოხილვა (26.02 – 05.03)

6045106a2ff01
ეგნატე შამუგია
08.03.21 12:00
1719
გასულ კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 3.315 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 3.320-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ზედიზედ ორკვირიანი გაუფასურების შემდეგ, 0.15%-იანი გამყარებაა. წინა კვირას კი ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 0.52%-ით იყო გაუფასურებული. აღსანიშნავია, რომ თებერვალში ლარის გაცვლითი კურსის, დოლართან მიმართებით, 0.48%-იანი გაუფასურებაა, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 0.67%-ია. მარტის პირველ სავაჭრო კვირას გარდა ლარისა, საგარეო ვაჭრობის კალათის მიხედვით შერჩეული ვალუტებიდან საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების - სომხეთის და უკრაინის ეროვნული ვალუტებიც გამყარდა. კერძოდ, გასულ კვირას, დოლართან მიმართებით, უკრაინული გრივნა 0.72%-ით გამყარდა, ხოლო სომხური დრამი კი - 0.611%-ით. ასევე, 0.30%-იანია გამყარებაა ისტორიულად საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორის - რუსეთის ეროვნული ვალუტის შემთხვევაში, რომელიც თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირას გაუფასურებული იყო. აღსანიშნავია, რომ წინა კვირას ყველა შერჩეული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა. მათ შორის, 6.63%-იანი გაუფასურებით თურქული ლირა გამოირჩეოდა, რომელიც გასულ კვირასაც შერჩეული ვალუტებიდან ყველაზე მეტით, 1.42%-ით გაუფასურდა. ამდენად, ზედიზედ მეორე კვირაა ისტორიულად გამონაკლისი, თითქმის სამთვიანი სტაბილური და მკვეთრი გამყარების ტენდენცია რადიკალურად იცვლება. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ბოლოს თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველის შეცვლის და ახალი პოლიტიკის დაანონსების შემდეგ, ამ დრომდე, დოლართან მიმართებით, ლირის ნომინალური გაცვლითი კურსი მყარდებოდა და ორი წინა კვირას ავტორიტეტულმა გამოცემა Financial Times -მა თურქეთის ეროვნულ ვალუტას განვითარებადი მსოფლიოს ვალუტების ლიდერიც კი უწოდა.
 
გარდა თურქული ლირისა, მარტის პირველ სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით სხვა ვალუტებიც გაუფასურდა. მათ შორის, ყველაზე მეტით ევროა გაუფასურებული. კერძოდ, გასულ კვირას ევროს ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.36%-იან გაუფასურებას აღწევს. წინა კვირას კი ევროს გაუფასურების ნიშნული 0.38%-ს შეადგენდა. ამ აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოში ნომერ პირველი ექსპორტიორი ეკონომიკის - ჩინეთის ეროვნული ვალუტა იუანი 0.25%-ით იყო გაუფასურებული, რაც გასულ კვირას 0.36%-მდე გაიზარდა.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 26.02 – 05.03 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ 2020 წლის მარტში დაწყებული პოლიტიკის მიმდინარე წელსაც გაგრძელება დაანონსა, მაგრამ ამ ეტაპზე სებ-ის მიერ ბაზარზე მხოლოდ სამი ინტერვენცია განხორციელდა. რიგით მესამე სავალუტო აუქციონი თებერვლის მესამე კვირის ხუთშაბათს გაიმართა, სადაც ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე მორგი 40.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, ხოლო ინტერვენციის დღეს, გაცვლითი კურსი, წინა დღესთან შედარებით, 0.09%-ით გაუფასურდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სებ-ს მიერ ბაზარზე ინტერვენცია არ ყოფილა. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს სებ-ის მიერ ბაზარზე 120.0 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა, რაც გასულ წელს 873.2 მლნ აშშ დოლარი იყო [სულ 26 ინტერვენცია]. 2020 წელს სებ-მა ბაზარზე ინტერვენცია მარტიდან დაიწყო, რაც წინა წლის სავალუტო პოლიტიკისგან განსხვავებული იყო, რადგან 2019 წელს სებ-მა ბაზარზე 11 ინტერვენციით, ჯამში 165.0 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო წლის ბოლოსკენ კი, 3-ჯერ, სულ 92.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ფიგურა 2: 01.03 - 05.03-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და კურსის მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

მარტის პირველ სავაჭრო კვირას, დოლართან მიმართებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის დაბალი მერყეობით არამხოლოდ სხვა ვალუტებთან შედარებით, არამედ ბოლო პერიოდის ტენდენციისგანაც მკაფიოდ გამოირჩეოდა, რადგან კვირის განმავლობაში საშუალოსთან მიმართებით კურსის გადახრა მხოლოდ 0.08% იყო. ლარის გამყარების ფონზე ეს ნიშნული დოლართან მიმართებით მკვეთრ სტაბილურობას ასახავს. თუმცა, ლარზე უფრო სტაბილურად სომხური დრამი გამოირჩეოდა, რომელიც 0.61%-იანი გამყარების ფონზე საშუალოსთან მიმართებით მხოლოდ 0.14%-ით მერყეობდა. მსგავს ვერ ვიტყვით რუბლის შემთხვევაში. გამყარების ფონზე რუსეთი ეროვნული ვალუტა შედარებით მერყევი იყო. მარტის პირველი სავაჭრო კვირის განმავლობაში რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსის გადახრა საშუალოსთან მიმართებით 0.44%-ს აღწევდა. გაცილებით მერყევი კი თურქული ლირა იყო, რომელიც ზედიზედ ორკვირიანი დიდი გაუფასურების ფონზე, გასულ კვირას საშუალოსგან 1.41%-ით იხრებოდა. წინა კვირას ლირის მერყეობა გაცილებით მაღალი 2.36% იყო. ამავე პერიოდში ზუსტად ამ ნიშნულით მერყეობდა უკრაინული გრივნა, რამაც ამ ნაწილში ლირის ტენდენცია გასულ კვირასაც გაიმეორა, მაგრამ განსხვავებით ამ უკანასკნელისა გამყარდა.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 26.02/05.03 (%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

წინა ორი კვირისგან განსხვავებით, მარტის პირველ სავაჭრო კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურის შერჩეული ვალუტებიდან, გარდა გრივნა და დრამისა, ყველასთან მიმართებით გამყარდა. რაც შეეხება გაუფასურებას, გასულ კვირას ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი უკრაინულ გრივნასთან 0.53%-ით გაუფასურდა, ხოლო სომხურ დრამთან კი - 0.49%-ით. აღსანიშნავია, რომ ეს ორი ვალუტა, მარტის პირველ სავაჭრო კვირას დოლართან მიმართებით ყველაზე მეტითაა გამყარებული.

გასულ კვირას ლარი ყველაზე მეტით იაპონური იენთან, 2.13%-ით გამყარდა. ხოლო, დოლართან მიმართებით ყველაზე მეტით გაუფასურებულ თურქულ ლირასთან ლარის ნომინალური კურსის გამყარება 1.78%-ია. ორკვირიან პერიოდში კი ლარი ლირასთან მიმართებით 6.81%-ითაა გამყარებული. აღსანიშნავია, რომ მარტის პირველ კვირას ლარის კურსი ევროსთანაც მაღალი ნიშნულით, 1.69%-ით გამყარდა. რაც შეეხება ჩინეთის ეროვნულ ვალუტას, რომელიც გასული წლის მონაცემებით საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ეკონომიკაა, ლართან მიმართებით 0.56%-ითაა გაუფასურებული.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. თუკი თებერვლის მესამე სავაჭრო კვირას, ლარის ნომინალური კურსის ყველა ვალუტასთან გაუფასურების შედეგად, ეფექტური გაცვლითი კურსი 0.78%-ით გაუფასურებული იყო, წინა კვირას, დიდწილად თურქულ ლირასთან მიმართებით მასშტაბური გამყარების შედეგად ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსი 0.69%-ით გამყარდა. გასულ კვირას კი ეფექტური ნომინალური კურსი უფრო მეტით, 0.83%-ით გამყარდა. აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან გასული კვირის ბოლომდე ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურის 0.68%-ითაა გაუფასურებული. მათ შორის, თებერვალში გამყარება 0.73%-ს შეადგენდა.

მარტის პირველ სავაჭრო კვირას ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 109.2-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.40%-ს შეადგენდა. წინა კვირას კი, საშუალოსთან მიმართებით ეფექტური კურსის ინდექსის მერყეობა 0.35%-ს აღწევდა. ეს კი ამ უკანასკნელის წინა პერიოდთან შედარებით ნაკლებ სტაბილურობას მიუთითებს. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის საშუალო მაჩვენებელი 12.47%-ითაა გაუფასურებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 13.16% იყო. ამდენად, მარტის პირველ კვირას ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება იმპორტის ზრდაზე დადებითად აისახება და ექსპორტის მხრივ კი - პირიქით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები