მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ხუთ თქვეში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელია 11.5%.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. "ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება,"- ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ მაისში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა წინა წელთან შედარებით 50.3%-ით გაიზარდა და 8.2 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა 24.4%-ით გაზრდილმა ექსპორტმა.