მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ფრინველის ხორცზე რეგლამენტის შეჩერების მიზეზს განმარტავს - რა კავშირშია WTO?

6005642fd11ad
თელარა გელანტია
18.01.21 14:33
1657
მთავრობის დადგენილებით, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ რეგლამენტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში, დროებით, 2021 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა. აღნიშნული დადგენილებით, იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი, ხოლო მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში, წყლის საერთო რაოდენობა უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა.

აღსანიშნავია, რომ რეგულაცია 2020 წლის აპრილში უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით, ის ძალაში 20 ოქტომბერს შევიდა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მაშინ განმარტავდა, რომ რეგლამენტის ამოქმედების გადადება პანდემიას უკავშირდებოდა და იმისთვის გაკეთდა, რომ ბაზარზე ხორცის დეფიციტი არ შექმნილიყო.

ამჯერად, ლევან დავითაშვილის უწყება რეგლამენტის მოქმედების შეჩერების მიზეზად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვას ასახელებს.

„ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის გადავადება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვასთან არის დაკავშირებული. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების თანახმად, მსო-ს წევრი ქვეყნების ექსპორტიორებმა, სავაჭრო ურთიერთობების და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების ჭრილში მოითხოვეს ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებული საკითხის ორგანიზაციაში განხილვა, რაც 60-დღიანი ტექნიკური პროცედურაა.

უკვე შედგა პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, სადაც მათ დეტალურად განემარტათ რეგლამენტის შინაარსი, რაც ვაჭრობის სამართლიანი წესების და კეთილსინდისიერი მწარმოებლის ინტერესების დაცვას გულისხმობს; ამავდროულად, მისი მიზანია, ადგილობრივი მწარმოებლების და იმპორტიორებისთვის თანაბარი პირობების შექმნა“, - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

აღნიშნული წერილობითი განმარტების მიუხედავად, bm.ge სამინისტროსგან უფრო კონკრეტულ განმარტებებს ელის, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები