მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ "ორბი ჯგუფს" ბახმაროში მიწა 1 ლარად გადასცა - ადგილზე სასტუმრო(ებ)ი აშენდება

5ced03e4efaa7
თელარა გელანტია
28.05.19 12:38
18490
საქართველოს მთავრობამ შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43,269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა.

უძრავი ქონება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარეობს.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, ინვესტორმა 5 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებდეს) სასტუმროს ან სასტუმროებს არანაკლებ 120 ნომრით, ასევე, კომერციული დანიშნულების ფართებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედანს/მოედნებს და ა.შ.

განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, აღნიშნულია, რომ „ორბი ჯგუფმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, 5 წლის ვადაში 50 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახოციელოს.

ამასთან, როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ინვესტორს ეძლევა უფლება, განახორციელოს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც შესაძლოა, ადგილზე არსებული უძრავი ქონების დემონტაჟსაც მოიცავდეს.

გარდა ამისა, განკარგულებაში, რომელსაც მამუკა ბახტაძე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის განმავლობაში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.
ცნობისთვის: საჯარო რეესტრის თანახმად, შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“ 2018 წლის დეკემბერშია რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი - ზვიად ზოიძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ირაკლი კვერღელიძემ 2014 წელს პარტია - „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 60,000 ლარი შესწირა; 2018 წელს კი, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში 25,000 ლარი შესწირა კვერღელიძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მხარს სახელისუფლებო პარტია უჭერდა.

„ორბი ჯგუფი“ საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო დეველოპერული ჰოლდინგია საქართველოში, რომელიც ცათამბრჯენების მშენებლობასთან, ინოვაციებთან, მშენებლობის ახალ ტექნოლოგიებთან, გამორჩეულ არტიტექტურულ სტილთან და მართვის თანამედროვე სისტემასთან ასოცირდება.

„ორბი ჯგუფი" სამშენებლო ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები