მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის მტკიცებით, „ბორჯომის“ საკითხზე მიღწეული გარიგება საქართველოს პრობლემებს არ შეუქმნის

62a763ecf26e4
ვიქტორია მღებრიშვილი
13.06.22 19:46
1170
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის მიერ საქართველოს სახელმწიფოსთვის აქციების 7.73%-იანი წილის უსასყიდლოდ გადაცემა საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით მოხდა და შედეგად, „ბორჯომის“ ქარხანა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ოპერირებას გააგრძელებს.

„ჩვენ ვახდენთ ორი დოკუმენტისგან შემდგარ გარიგებას - ეს არის კომპანია ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული, „ბორჯომის“ მმართველი კომპანია RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1,104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქციის საქართველოს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე ხელშეკრულება, მეორე გარიგების მიხედვით, რეგულირდება კონკრეტული ურთიერთობები პარტნიორთა შორის, პარტნიორთა შეთანხმებაში.

კომპანიის აქციონერთა სტრუქტურა შემდეგნაირად განისაზღვრება: ERASMONY LIMITED იქნება აქციების 49.99%-ის მფლობელი; მეორე მსხვილი აქციონერი არის კომპანია Black Waters Limited აქციების 38.48%-ით. საქართველოს სახელმწიფო ფლობს აქციების 7.73%-ს და ასევე კომპანიას ჰყავს მინორიტარი აქციონერები - 3.79%-ს ფლობენ „ბორჯომის“ ყოფილი თანამშრომლები და სხვადასხვა აქციონერები.

ამავე დროს, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დირექტორთა საბჭოში ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი იქნება და მას ექნება წარმმართველი როლი. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, შესაბამისად, ორი დირექტორი ეყოლება ERASMONY LIMITED-ს, ორი დირექტორი ეყოლება მეორე მსხვილ აქციონერს - Black Water Limited-ს და ერთი, გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე აქციონერია დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი - მას წარმოადგენს სახელმწიფო“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, „ბორჯომის“ აქციების სახელმწიფოსთვის გადაცემის პროცესში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტრო, რათა მიღწეული ყოფილიყო მთავარი მიზანი - „ბორჯომს“ შეძლებოდა სრულფასოვანი საქმიანობა, რაც დადასტურებულია კრედიტორი ბანკების მხრიდან.

„ასეთი გარიგების შემთხვევაში კომპანია სრულფასოვნად შეძლებს ფუნქციონირებას, საერთაშორისო გადარიცხვებში მონაწილეობას და საბანკო პროდუქტებით სარგებლობას. ჩვენი მიზანი ეს იყო. ასევე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია რამდენიმე მარეგულირებელ ეროვნულ ბანკთან ერთად. ეს ბრიტანეთის და ევროპელი მარეგულირებლები არიან. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე გვქონდა კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან, საელჩოებთან, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებებით მივიღოთ ის, რასაც ვგეგმავთ - ერთი მხრივ, კომპანია „ბორჯომის“ ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და მეორე მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს არ ჰქონდეს ისეთი ვალდებულებები, რომლებსაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემების შექმნა გამოეწვია.

ასე რომ, სრულფასოვანი შესწავლისა და შეფასების შემდეგ, დროის მოკლე პერიოდში, რომელიც მოგვეცა იმისთვის, რომ კომპანია გადაგვერჩინა, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ბრენდის წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ასევე ვუპასუხოთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, რომელიც საკმაოდ დაზიანდა სანქციების შემოღების დაწყებიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები