მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე ქალაქი ქობულეთში - "გრინ რეზორთი" 500 მლნ-იანი ინვესტიციის განხორციელებას იწყებს

5c9b662df0896
თელარა გელანტია
27.03.19 15:07
2208
„ქობულეთში ვიწყებთ უპრეცენდენტო მასშტაბის, ნახევარ მილიარდიანი პროექტის რეალიზაციას, რაც ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა აჭარაში, ტურისტულ ინფრასტრუქტურაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქობულეთში, მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია, ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც მთელი საქართველოსთვის სავიზიტო ბარათი გახდება.

მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა ქობულეთში 180 ჰექტარზე იგეგმება, რაშიც კომპანია „გრინ რეზორთი“ 500 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

მშენებლობისას და ოპერირებისას დასაქმებული იქნება 500 ადამიანი. პროექტი გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, საცურაო აუზების, გასართობი და რეკრეაციული ზონების მოწყობას ითვალისწინებს.

ამასთან, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზებითა და დასასვენებელი ინფრასტრუქტურით, რომელსაც საერთაშორისო ბრენდი მართავს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც აჭარის ოთხ სეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს. ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი მთელი შავი ზღვის აუზში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორედ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან.

მთავრობის მეთაურის განცხადებითვე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას იძლევა.

„ჩვენ ვსაუბრობთ FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედნებზე, საჩოგბურთო კორტებზე და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგ გოლფის ინფრასტრუქტურაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში მოვიზიდოთ ის ტურისტები, რომლებიც დღეს ვერ განიხილავენ საქართველოს ტურისტულ ცენტრად იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს ინფრასტრუქტურა. მე მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ინვესტორებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოში ეს უპრეცენდენტო ინვესტიცია განეხორციელებინათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მოგეხსენებათ, რომ ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს, იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას აღნიშნული პროექტის განხორციელების ხელშეწყობისათვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საშუალებას მოგვცემს, აჭარაში ჩვენი მოქალაქეებისთვის შევქმნათ ხუთასი ახალი სამუშაო ადგილი. მშენებლობის დროს, ისევე, როგორც შემდგომ, როდესაც დაიწყება ამ უნიკალური კურორტის ფუნქციონირება, ჩვენ საშუალება გვექნება, ამ მასშტაბური ინვესტიციიდან მცირე ბიზნესმაც ძალიან დიდი სარგებელი მიიღოს. ამ ტერიტორიაზე, 180 ჰექტარზე, სამ წელიწადში იქნება გაშენებული მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ ამით. მე კიდევ ერთხელ მსურს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ნახევარი მილიარდი ლარი, ეს არის ის მასშტაბური ინვესტიცია, რომელიც აჭარას და საქართველოს გადააქცევს ტურისტულ ცენტრად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.








გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები