მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პარაგრაფი”, “პანორამა”, “ელიტა ბურჯი” და სხვა აქტივები ივანიშვილმა “ფონდ ქართუზე" გადააფორმა

5ffb52b2bedc8
შოთა ტყეშელაშვილი
10.01.21 23:15
7422
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში მისი კუთვნილი ბიზნესების და უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდა, საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” საკუთრებაში გადაიტანა. საჯარო რეესტრში ცვლილებები 2020 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში დარეგისტრირდა.

ყველაზე მსხვილი ცვლილება 31 დეკემბერს დარეგისტრირდა, როდესაც “ტურიზმის განვითარების ფონდი”, რომლის საკუთრებაშიც თავისმხრივ “პანორამა თბილისის” მშენებარე ობიექტები და “პარაგრაფ შეკვეთილი” შედიან ქართუ ფონდს გადაეცა. ცვლილებამდე ამ კომპანიების 100%-იან წილს პანამური FRANKSTON INTERNATIONAL S.A. ფლობდა. კომპანიის საწესდებო კაპიტალის მოცულობა 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, 580 მილიონი ლარი იყო.

ტურიზმის განვითარების ფონდის შემადგენლობაში შედის - “თაბორი რიზორთსი”; “სოლოლაკი ჰილზი”; განმუხურში მშენებარე სასტუმროს პროექტი, ასევე უძრავი ქონება ჩაქვსა და აბასთუმანში.

მესაკუთრე შეიცვალა “ქართუ ჯგუფის” სათაო ოფისმაც, რომელიც ჭავჭავაძის 39ა-ში მდებარეობს. ამავე შენობაშია განთავსებული “ქართუ ბანკის” სათავო ოფისი.

2020 წლის 31 დეკემბერს მესაკუთრე შეეცვალა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებს - “ელიტა ბურჯსა” და “ბურჯს”, ორივე მათგანი “ფონდ ქართუზე” გადაფორმდა. თავად “ელიტა ბურჯი” არაერთი შვილობილი კომპანიის მფლობელია, რომლებიც უძრავ ქონებას ფლობენ თბილისში ჭორვილაში; ბათუმსა და ბაკურიანში.

მესაკუთრის ცვლილება არ შეხებია “თანაინვესტირების ფონდის” მმართველობაში არსებულ პროექტებს. შესაბამისად “აქსის თაუერსის”; “გალერია თბილისის”; ასევე მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი უცვლელია.

“საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს” დამფუძნებელია სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფი”, ქართუ ჯგუფის მესაკუთრეთა სია კი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ოფშორული კომპანიებია, კერძოდ - ჯგუფის მესაკუთრეთა სია ასე ნაწილდება:

• Krista Investments – 48.324%;
• Sargans limited – 45.353%;
• Tarpan – 1.092%;
• Agroservice LLC – 4.243%;
• Interinvest LLC – 0.988 %.

სს “ქართუ ჯგუფის”, ასევე “ფონდ ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანია, BMG-იმ მას მიმართა კითხვით თუ რატომ განხორციელდა ჯგუფის საკუთრებაში არსებული აქტივების და კომპანიების ფონდზე გადაფორმება. მის პასუხს მკითხველს მიღებისთანავე შევატყობინებთ.

უფრო ვრცლად თემაზე - რა საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს ფონდი “ქართუ”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები