მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირბადეების პროგრამიდან მიღებული თანხები ხელფასებზეც არ გვყოფნიდა- რატომ დაიხურა "MGMTex"?

5eb3caf2c6905
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.20 13:05
2167
ქუთაისში, 2018 წელს გახნილი სამკერვალო „ემჯიემ ტექსმა“, რომელიც 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო ბრენდებისთვის ტანსაცმელს კერავდა, 16 აპრილს მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა ელიზბარ ლომინაძემ განუცხადა.

როგორ „ემჯიემ ტექსის“ დირექტორი განმარტავს, ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო, თუმცა პანდემიით საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე შექნილმა გარემომ იძულებული გახადა საწარმოს მუშაობა გაურკვეველი ვადით შეეჩერებინათ. ელიზბარ ლომინაძის თქმით, საწარმოს ფუნქციონირებას ვერც პირბადეების სახელმწიფო პროგრამამ შეუწყო ხელი, რომელშიც ისინიც იყვნენ ჩართულნი. 

„საკმაოდ რთული იყო ეს პერიოდი,ზარალი დიდი იყო. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გავჩერდით.

პირველ რიგში უსაფრთხოების რისკები იყო ძალიან გაზრდილი. 300 თანამშრომელი ერთად იჯდა და დისტანციის დაცვა ჭირდა; კიდევ იყო ის, რომ პირბადეების პროგრამით რა თანხებსაც ვიღებდით სახელმწიფოსგან არ გვყოფნიდა ხელფასებზე, ამიტომ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დავიხურეთ. ამ პერიოდში ტრანსპორტირებისა და გამკაცრებულ უსაფრთხობაზე გამოყოფილი ხარჯები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.

ჩვენ ბევრად მეტი კადრი გვყავს, ვიდრე ჩვეულებრივ სამკერვალოებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვაკეთებთ სრულ სერვისს - ნახატიდან დაწყებული დიზაინით დამთავრებული ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, ამიტომ ხარჯი გვქონდა ბევრად დიდი, ვიდრე სხვა საწარმოებს. ეს თანამშრომლები, რომლებიც ჩვენთან არიან დასაქმებულები, 320 ადამიანი ყველა უმუშევარი დარჩება“, - განმარტავს „ემჯიემტექსის“ დირექტორი.

საწარმოს ხელმძღვანელი საქმიანობის განახლებაზე პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან მას ამის გარანტი არც სახელმწიფოსგან მიუღია და არც უცხოური ბრენდებისგან, რომლებიც მათ მთავარ დამკვეთებს წარმოადგენენ.

„ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ მთავრობის წარმომადგენლები, თუმცა მათგან რაიმე სახის მხარდაჭერაზე საუბარი არ ყოფილა. ევროპაში არსებულმა კომპანიებმა, რომლებიც ჩვენი ძირითადი დამკვეთები იყვნენ გააჩერეს შეკვეთები და ამიტომ არ ვიცით, როდის შევძლებთ კვლავ ამოქმდებას.მაგალითისთვის გეტყვით, რომ ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა  „ზარა“, „ნექსთი“, „მარკ ენდ სპენსერი“, თურქეთში არსებულ საწარმოებთანაც გააჩერეს შეკვეთები და ელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები.

თუმცა, თანამშრომლობის გაგრძელებაზე მიდის საუბარი, მაგრამ ეს უფრო ზამთრის სეზონისთვის იქნება შესაძლებელი. ზაფხულის ბოლომდე არ მგონია რაიმე სიახლე იყოს. მოლოდინის რეჟიმში ვართ და ზუსტად ვერ ვამბობთ, როდის რა იქნება. ძალიან რთული მდგომარეობაა ამ სფეროში ზოგადად“, - ამბობს ელიზბარ ლომინაძე.

„ემჯიემტექსის“ დირექტორმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც საწარმოს ამოქმედების პროცესში ექნება.

„ფინანსურად ეს პერიოდი საწარმოსთვის იქნება ძალიან რთული, იმიტომ, რომ საბრუნავი თანხები, შეკვეთები - ყველაფერი ერთმანეთზე იყო გადაბმული და ამხელა ჩავარდნის შემდეგ განახლება რთული იქნება. ისევ მარაგები უნდა შევიძინოთ, თანამშრომელთა ხელფასებისთვის ფინანსები გამოვყოთ და შესაბამისად შემდგომ პერიოდში გვექნება ამ სახის გამოწვევები, რომლის გადალახვაც მოგვიწევს“, - უთხრა BM.GE-ის ელიზბარ ლომინაძემ.

ცნობისთვის,  შპს „ემჯიემტექსი“ არის  რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა. ის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით სარგებლობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები