მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი: ევროპასა და აშშ-ში ვიზიტების დროს არსად გამიგია მოთხოვნა - ჩაერთეთ ომში

62d9bb1813ce4
თამთა ჯიჯავაძე
22.07.22 00:42
748
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთთან ომში ჩათრევის თემა, რაც ხშირად ისმის მმართველი გუნდისგან, არის მოგონილი და რუსეთის რიტორიკას ემთხვევა. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, თუ ვინმე ხვდებოდა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, ეს თავად იყო და მისთვის არავის უთქვამს - ჩაერთეთ ომშიო.

„მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში და ვის ხვდებიან. მმართველი გუნდისგან აქტიური სამუშაო არ მინახავს ევროპარლამენტთან და არც ცალ-ცალკე. ასე რომ, არ ვიცი, საიდან გაიგეს ეს. თუ ვინმე იყო ჩასული და ევროპელებს შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ, თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე, მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი იყო, მე ვარ და არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა – ჩაერთეთ ომში. ეს არის სრულიად მოგონილი და სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას. ეს სხვაგან არ გამიგია, აშშ-ში და ევროპაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და განცხადებები საქართველოს ევროპულ პერსპექტივებსა და მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

„ექვსი თვე გვაქვს მოცემული, რომ თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, იმ კომიტეტის, რომელიც სწორედ საქართველოზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, ერთდროულად, ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ. მე არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ეს ორმაგი თამაში, რომ ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სვლა, გვინდა ის, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია, გვინდა მივიღოთ იგივე, რაც უკრაინა და მოლდოვამ მიიღო და ამ დროს, არა თუ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია ამ 12 პუნქტიდან, არამედ საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ“, - განაცხადა მან და გაიხსენა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ნაჩქარევი წესით სასამართლოს დაკომპლექტება და ინსპექტორის გაუქმება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ამერიკის ელჩს, ხან სხვა ელჩებს. არ გამიგია სხვაგან ასეთი წესები. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ იგი გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როცა იგი უკვე გამიჯნულია ინსტიტუციურ დონეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები