საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი და „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარალაშვილი აცხადებს, რომ სექტორს მთავრობასთან 1 თებერვლიდან გახსნასთან დაკავშირებით რიგი შენიშნვები აქვთ. ამის შესახებ მან მთავრობის წარმომადგენლებთან დანიშნულ შეხვედრამდე BM.GE-ის განუცხადა.
ლევან ყარალაშვილი ამბობს, რომ მოლები 1 კვირიანი მუშაობის პერიოდში 1 მლნ მომხმარებელს მოემსახურა, ისე რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გართულებულა. შესაბამისად პროცესის მართვა პროტოკოლების დაცვით მათ შეუძლიათ.
„სექტორს გვაქვს მთელი რიგი შენიშვნებისა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ შაბათ-კვირას ვიმუშაოთ, მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტი დადიოდეს, კომენდანტის საათმა თუნდაც ერთი საათით გადაიწიოს. ასევე, სამწუხაროდ ჩვენი დარგისთვის არ არის დამუშავებული არანაირი ანტი-კრიზისული გეგმა, რაც წინა შეხვედრაზე პრემიერთანაც გავაჟღერეთ და ფინანსთა სამინისტროსგან ქონების (გადასახადის) ნაწილში შეღავათი მოვითხოვეთ, რადგან სავაჭრო ცენტრები 5 თვის განმავლობაში დაკეტილი იყო და არასამართლიანი იქნება, რომ ეს ტვირთვი ვატაროთ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გაზრდილი კომუნალური და საოპერაციო ხარჯები სექტორს მძიმე ტვირთად დააწვება თუ მთავრობა მათ წინადადებებს არ გაითვალისწინებს.
„თებერვლის თვეში ტესტირების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო და ეს ბიზნესს ხარჯად არ დააწვება, ამის მერე რა იქნება მერე შევხედავთ. სხვა მხრივ უფრო კრიტიკულია ჩვენთვის იგივე გაზრდილი კომუნალური გადასახადები და საოპერაციო ხარჯები, იმ ჭრილში, რომ 17 000 ადამიანი 6-მა სავაჭრო ცენტრმა ყოველ დღე სამსახურში უნდა ვატაროთ და იმედია, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებით საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება“, - განმარტა ყარალაშვილმა.