მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აქტივებსა და ფონდებს ეძებენ" - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი

62a5a3bf2b6e3
თამთა ჯიჯავაძე
12.06.22 13:41
1653
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საქართველოში საინვესტიციო ფონდების მიმართულება ვითარდება.

„საქართველოში, ისევე როგორც რეგიონში, დანაზოგების მფლობელების ბაზა საკმაოდ მზარდია. ინვესტორები თავიანთი დანაზოგების დაბანდების თვალსაზრისით უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობას ეძებენ.

ბოლო პერიოდში გათვითცნობიერება საზოგადოებაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც აქტივებსა და ფონდებს ეძებენ, ეს ბევრს შეგვინიშნავს“, - განაცხადა მან გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.

კითხვაზე, რას აპირებს ეროვნული ბანკი იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზარი გააქტიურდეს, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, რომ საქართველოში საინვესტიციო ფონდების მიმართულებით მარეგულირებელი ჩარჩო შექმნილია და ბაზარს დამატებითი ცვლილებების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.

„საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი ჩარჩო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად საკმაოდ წარმატებულია. ამ ეტაპზე ჩვენ გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე გვაქვს ორიენტაცია, თუმცა ფონდების ინდუსტრიის განვითარებისთვის საცალო ინვესტორები ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ეს სექტორი საქართველოში ყალიბდება“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ცნობისთვის, თიბისი ჯგუფის ფარგლებში ცოტა ხნის წინ შეიქმნა აქტივების მართვის კომპანია თიბისი - აქტივების მართვა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერაა ლიცენზირებული და რეგულირებადი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები