მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარი არხი" IPSOS-თან კონტრაქტს წყვეტს და არბიტრაჟში უჩივლებს

617bcc00da977
ინგა მურუსიძე
29.10.21 14:42
4790
"მთავარი არხი" კომპანია IPSOS-თან არტნიორობას წყვეტს, - ამის შესახებ არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ facebook-ში წერს. ირკვევა ისიც, რომ ხვალ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტოპოლს "მთავარი არხისთვის" IPSOS-ი არ ჩაატარებს.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას თქმით, „მთავარი არხი“ კომპანია IPSOS-სს არაკეთილსინდისიერი და არაპარტნიორული ქმედებების გამო, საარბიტრაჟო წესით უჩივლებს.

„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ კომპანია IPSOS-ის არაკეთილსინდისიერი და არაპარტნიორული ქმედებები გასაჩივრდება კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით, სადაც ჩვენ არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოვითხოვთ, არამედ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.

„მთავარი არხი“ ასევე მიმართავს შესაბამისი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებს, მისი კონკრეტული მოქალაქის ქმედებებში შესაძლო კორუფციული დანაშაულის ნიშნების მოკვლევის დაწყების თაობაზე და ასევე მის ტერიტორიაზე ჩადენილ კორუფციულ გარიგებაში საქართველოს მოქალაქის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

„მთავარი არხი“ ასევე მოახდენს ყველა პარტნიორი ტელევიზიის, საერთაშორისო მედია და უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ასევე ქვეყნის შიგნით „იფსოსის“ მომსახურებით მოსარგებლე კერძო კომპანიების ინფორმირებას „იფსოსის“ არასაიმედოობის, არაკეთილსინდისიერების და კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

საქმე ის არის, რომ უკვე არაერთი წელია, კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ი „მთავარი არხის“ დაკვეთით, არჩევნებზე ეგზიტპოლებს ატარებს; ასე იყო წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურშიც, თუმცა გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც თავად IPSOS-მა ტექნიკური პრობლემით ახსნა.

"IPSOS-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნახავთ, რომ ნაცვლად იმ მონაცემებისა, რომელიც გამოქვეყნდა „მთავარ არხზე“ და რომლის თანახმად, ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას 54,7%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა წოწერიას - 45,3 %, IPSOS-ის ვებგვერდზე წერია 51% მამუკა წოწერიას შემთხვევაში და 49% - ანზორ მელიას შემთხვევაში“, - ითქვა „ქართულ ოცნებაში“.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანიაში მომხდარი ტექნიკური ხარვეზით აიხსნა, თუმცა მისი ინფორმაციით, საქმე ეხება კორუფციულ გარიგებას, რომელშიც კონკრეტული პირია ჩართული და ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება.

გვარამია ვერ აკონკრეტებს, ხვალ „მთავარ არხზე“ ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდება თუ არა, თუმცა აცხადებს, რომ რეპუტაციაშელახული კომპანია „მთავარი არხისთვის“ სანდო და საიმედო პარტნიორი ვერ იქნება, მით უფრო, ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნების დროს.

„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია 2 დღეში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება, თუმცა ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რათა ხვალ, არჩევნებზე, მაინც შევძლოთ ეგზიტპოლის ჩატარება“, - წერს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები