ქუთაისში, „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და „რიონის მცველების“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აქციის მსვლელობისას განაცხადა, აქციის მონაწილეები დღევანდელ ღამეს ქუთაისში გაათენებენ.
„გთავაზობთ, დღეს ღამით დავრჩეთ აქ, მოედანი გვქონდეს პიკეტირებული და ხვალიდან გამოვაცხადოთ მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - მიმართა გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს.
მისივე თქმით, აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი. ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ კითხვები მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან აქვს და საკითხზე მას დაელაპარაკებიან.
ინფორმაციისთვის: გუშინ სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მიმდებარედ პოლიციამ რკინის ჯებირები აღმართა და აქტივისტებს ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს.
დაპირისპირების დროს ექვსი მოქალაქე დააკავეს.