მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რიყის დოქების" ინვესტორი კომპანია ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული

623dac7252165
BM.GE
25.03.22 15:48
3226
თბილისის ცენტრში, მდებარე ე.წ. “რიყის დოქების” კომპლექსი მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა. ობიექტი, რომლის გაყიდვასაც 2020 წელს მთავრობა 96 მილიონ ლარად გეგმავდა, გუშინ თითქმის ათჯერ ნაკლებ ფასად - 10 მილიონად გაიყიდა.

BMG-იმ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ ვინ არის პროექტის ახალი მესაკუთრე. უწყების თანახმად, 14,591 კვადრატული მეტრის საკუთრება 10,020,000 ლარად ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა ფირმა Global Victory Trust-მა შეიძინა. შესაბამისად, კომპანიამ ფართის ერთ კვადრატულ მეტრში 687 ლარი გადაიხადა.

სააგენტოს მიერ დამატებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, Global Victory Trust-ს ხელმძღვანელობს დოქტორი კრისტოფერ ჰილლი. კომპანიის აქციონერია “გლობალ ვიქტორი ინვესტმენტ”, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი მფლობელი და დირექტორია მარიამ ხიდაშელი, ხოლო კომპანიის დირექტორატშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.

დავით ხიდაშელის შესახებ:

დავით ხიდაშელი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. INTRACOM-ი სხვადასხვა სახეობის რადიო მოწყობილობების რეალიზაციით არის დაკავებული, მათ შორის ტელეკომ მიმღებები, სერვერები, 4G გადამცემები და სხვა.

კომპანიის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს INTRACOM-ის შემოსავალი - 139 მილიონი ევრო, წმინდა ზარალი კი, 12.7 მილიონი ევრო იყო.

INTRACOM-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვთ, დავით ხიდაშელი 1998-1999 წლებში დსთ-ის ქვეყნებში ფრანგული Castel Group-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2007-2014 წლებში კი, რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის АФК “Система”-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ინოვაციების დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

2021 წლის სექტემბერში ხიდაშელმა სახელმწიფოს ჭავჭავაძეების ისტორიული ხმალი აჩუქა, 2020 წლის აპრილში კი მან stopcov ფონდს 1.2 მილიონი ლარი შესწირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები