ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო პერიოდში პროდუქციის ფასების კუთხით სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. სასურსათო პროდუქტების გაძვირებაზე ეკონომიკის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა და ფასების ზრდის 2 ფაქტორი დაასახელა. მისი თქმით, სუპერმარკეტში 2 კვირის წინ თავად იმყოფებოდა, თუმცა იმ პერიოდში ზეთი გაძვირებული არ იყო.
„საქსტატზე ვებგვერდზე უფრო ხშირად პროდუქციაზე ფასებს სხვადასხვა მაღაზიასადა სუპერმარკეტში ვაკვირდები და ბოლო პერიოდში ნამდვილად არ არის სახარბიელო ვითარება. ზეთის გაძვირება თემაა, მაგრამ ფასების გაძვირება, ძირითადად, რამდენიმე ფაქტორის დამთხვევამ გამოიწვია. პირველი ის, რომ ფასები იმპორტირებულ ნაწარმზე გაიზარდა, ეს ლარის კურსთანაა დაკავშირებული; მეორე კი, სეზონური ფაქტორია. ჩვენი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ხილით და კენკრით 100%-ით ადგილობრივი ნაწარმით ვართ უზრუნველყოფილები, მაგრამ ახლა სეზონია, როდესაც იმპორტირებული პროდუქტი მთავრდება და ადგილობრივი უნდა შემოვიდეს; ამ პერიოდში ზოგადად ამ ტიპის ნაწარმი ყოველთვის გაძვირებულია. ეს დროებითი ფაქტორია; როდესაც ჩვენი საკუთარი ბოსტნეული უფრო მეტად შემოვა, არ იქნება არც ხელმისაწვდომობის პრობლემა და ფასებიც ბუნებრივად დაიწევს“, - განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მხოლოდ პროგრამის - „აწარმოეს საქართველოში“ ფარგლებში 600-მდე საწარმო დააფინანსა, თუმცა ზეთის მწარმოებელი კომპანიების რაოდენობა დიდი არაა.
"ზეთის საწარმოები ჯერ იმ რაოდენობით არ არის; იმპორტული პროდუქტი ჭარბობს და ფასის ტრენდის განმსაზღვრელი შემოტანილი საქონელია", - თქვა თურნავამ.
ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მარტში ყველაზე მეტად ფასები შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა:
1. მზესუმზირის ზეთი - 62.8%-ით;
2. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 40.1%-ით;
3. წიწიბურა - 36.4%-ით;
4. ლურსმანი - 35.2%-ით;
5. თერმომეტრი - 31.9%-ით;
6. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 31.8%-ით;
7. მწვანე ლობიო - 30.8%-ით;
8. თევზის კონსერვი - 30.6%-ით;
9. შაქარი - 30.1%-ით;
10. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები- 29.2%-ით.