მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შემოსავლების კლების მიუხედავად, ასოციაციის წევრი კომპანიები ცდილობენ დასაქმებულთა შენარჩუნებას"

5fead348284a1
BM.GE
29.12.20 11:07
844
2020 წლის IV კვარტლის BAG ინდექსის გამოკითხვით შეფასდა COVID-19-ის გავლენა ასოციაციის წევრ კომპანიებზე. შედეგად, აღმოჩნდა, რომ გამოკითხული BAG-ის წევრების უმრავლესობა (94%) თვლის, რომ COVID-19-ის გავლენა მათ ბიზნესაქტივობაზე ძალიან მნიშვნელოვანი ან მნიშვნელოვანია. გამოკითხულთაგან არცერთი წევრი კომპანია, არ მიიჩნევს, რომ COVID-19 ის გავლენა უმნიშვნელოა.




კვლევის თანახმად, პანდემიის გავლენა ბიზნესზე სხვადასხვაგვარად აისახება. მოთხოვნის კლების პარალელურად კომპანიებს შეუმცირდათ შეკვეთები და გაყიდვები. ხოლო, პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვები აფერხებენ ბიზნესსაქმიანობას. ეს კი, ბუნებრივია, აისახება კომპანიათა ფინანსურ მაჩვენებლებზე.

რესპონდენტების 83% აცხადებს, რომ 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს შემოსავლები შეუმცირდათ. გამოკითხულ კომპანიათა თითქმის ნახევარში შემცირდა ინვესტიციებიც.





2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ბიზნესის ინდიკატორების ცვლილებაზე საუბრისას, უნდა გამოვყოთ მშენებლობის სექტორი, სადაც ყველა გამოკითხულ კომპანიას შეუმცირდა შემოსავალი და გამოკითხულთა თითქმის 70%-მა აღნიშნა, რომ ასევე იკლო ინვესტიციებმაც. რაც შეეხება მოლოდინებს - ამ თვალსაზრისითაც, სექტორში არსებული განწყობა არასახარბიელოა - მომდევნო კვარტალში სექტორი მოთხოვნის კლებას და შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას ვარაუდობს.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების კლების მიუხედავად, შედარებით მცირე იყო გავლენა დასაქმების მაჩვენებლებზე. გამოკითხულთა მხოლოდ 40%-ში შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო 40-დან 27-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ეს კლება მთლიანი დასაქმების 20%-ს არ აღემატება. შეიძლება ითქვას, რომ შემოსავლების კლების მიუხედავად, ასოციაციის წევრი კომპანიები ცდილობენ დასაქმებულთა შენარჩუნებას. ცნობისთვის, მრეწველობის სექტორში გამოკითხულ არცერთ კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირებულა. აღნიშნული მაჩვენებელი მშენებლობის სექტორში 16.7%-ს, ხოლო ვაჭრობის და მომსახურების სექტორებში - 52.9%-ს და 66.7%-ს შეადგენს, შესაბამისად.

BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში, წევრი კომპანიები აფასებენ მიმდინარე მდგომარეობასა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, ასევე გაყიდვების ფასების, მოთხოვნისა და დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას, ასახელებენ თავიანთი საქმიანობისათვის ხელისშემშლელ ფაქტორებს და აფიქსირებენ ლარის გაცვლითი კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს. სწორედ ამიტომ, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. BAG ინდექსი ყოველკვარტალურად ქვეყნდება და აცნობს საზოგადოებას ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები