კორონავირუსის გამო საწარმოების, თუ ორგანიზაციების დახურვამ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი განაახლა.
დოკუმენტში მოცემულია ის სავარაუდო რიცხვები, რაც გენერაციის, ექსპორტის, იმპორტის თუ მოხმარების მიმართულებით შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთელი წლის განმავლობაში.
კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ვარაუდობს, რომ 2020 წელს, თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 5.5%-ით, 12 მლრდ 652.3 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდება. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონს, აქ პირიქით, 4.8%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.
განახლდა გენერაციის მაჩვენებელიც. სამინისტროს პროგნოზით, ადგილობრივი ელქტროსადგურები, 13 მილიარდ 317 მილიონი კილოვატისაათის ნაცვლად, 12 მილიარდ 764 მილიონს გამოიმუშავებენ, რაც თავდაპირველ პროგნოზზე 4.2%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ვაჭრობას, იქიდან გამომდინარე, რომ მოხმარება მცირდება, ახალი პროგნოზით, COVID-19-ის გავლენით, ქვეყანას წელს 9.2%-ით ნაკლები ელექტროენერგიის იმპორტი (1 მლრდ 139.1 მლნ კვტ.სთ)დასჭირდება, ექსპორტი კი 20.2%-ით გაიზრება და 694.7 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწევს.