ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საწვავის ფასი შემცირდება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ინფლაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და მსოფლიოში მაღალი ინფლაციის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი საწვავის გაძვირებაა. თუმცა ის ამბობს, რომ წლის განმავლობაში საწვავი მნიშვნელოვნად გაიაფდება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ საწვავის ფასები დაიწევს. ამის საფუძველი ახლადგაფორმებული კონტრაქტებია, რომლითაც საწვავი უფრო დაბალ ფასშია და ქვეყანაში ჯერ არ შემოსულა. ამას ვაკვირდებით და გვაქვს დიალოგი კერძო სექტორთან, რომ ამ სიტუაციით ვინმემ უფრო ბოროტად არ ისარგებლოს.
ნავთობზე დადებული ფიუჩერსული გარიგების ფასები წლის მეორე ნახევარში კიდევ მცირდება და წლის ბოლოს კიდევ უფრო დაწეულია“, - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრმა გასულ კვირაშიც თქვა, რომ საქართველოში საწვავი გაიაფდება, თუმცა რის ხარჯზე, ეს ლევან დავითაშვილს არ დაუკონკრეტებია. მოგვიანებით, "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ "საქმის კურსს" განუცხადა, რომ მთავრობა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მუშაობს, რომ საწვავი საერთაშორისო ფასებზე იაფად შემოიტანოს საქართველოში.