მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეგიონებში ტურიზმში დასაქმებულები იძულებულნი არიან, თბილისში აიცრან“ - რას ითხოვს სექტორი?

60a77e898ad00
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.21 15:36
945
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელ ლაშა ბერეკაშვილის ინფორმაციით, რეგიონებში, კერძოდ კი ქუთაისსა და ბათუმში ვაქცინაციაზე დარეგისტრირებული ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები იძულებულები არიან,  თბილისში აიცრან. მისი თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ვებგვერდზე განთავსებულ სარეგისტრაციო ფორმაში არის ველები, სადაც აცრის მსურველები რეგიონსა და ქალაქს უთითებენ, თუმცა მათთვის სასურველი ამცრელი პუნქტის მითითება აქ არ ხდება, რეგისტრაციის შემდეგ კი მათ მისდით მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ ვაქცინაცია თბილისის კლინიკებში მოუწევთ. 

როგორც ის BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რიგ შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორის გამო, რეგისტრირებული პირები ვერ ახერხებენ თბილისში ჩასვლას, ამიტომ ეს მათთვის პრობლემას წარმოადგენს.

„ქუთაისსა და ბათუმში ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა, ვინც ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში რეგისტრაცია გაიარა, ყველა თბილისში მოხვდა. საკითხის გასარკვევად ჩვენ ტურიზმის ადმინისტრაციაში დავრეკეთ, სადაც გვითხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებოდათ. შემდეგ დავრეკეთ იმ ნომრებზე, საიდანაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით მისამართები მოგვივიდა და გვიპასუხეს, რომ ტურიზმის სექტორის ვაქცინაციისთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქალაქია შერჩეული. შესაბამისად, თბილისის გარდა სხვა ქალაქებში მცხოვრები დარგის წარმომადგენლები იძულებულნი არიან, თბილისში ჩავიდნენ, მაშინ როდესაც ქუთაისსა და ბათუმში კოვიდ-ცენტრები არის და სურვილის შემთხვევაში იმის შესაძლებლობაცაა, რომ ხალხი არ გაწვალდეს“, - აცხადებს ლაშა ბერეკაშვილი.

ამდენად, რეგიონში მცხოვრები ტურიზმში სექტორში დასაქმებულები აცრების ჩატარებას თავის ქალაქებში ითხოვენ.

„ვითხოვთ, ქუთაისსა და ბათუმში რეგისტრაციაგავლილი ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ადგილზე ვაქცინაციას. არის ქალაქები, სადაც ცხოვრობენ ადამიანები და იმ ქალაქებში ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია. ყველაფერი თბილისში არ უნდა იგეგმებოდეს. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს რეგიონები არ გაითვალისწინეს. თბილისის გარდა დიდი ტურისტული აქტივობაა ქუთაისსა და ბათუმში და რატომ აიძულებენ ამ ხალხს, რომ თბილისში ჩავიდნენ ასაცრელად?! გვინდა, რეგისტრირებული ადამიანები, ვინც თბილისში წასვლას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს, ქუთაისში ან ბათუმში აცრან“, - აცხადებს დარგის წარმომადგენელი, ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი. 

საკითხის გასარკვევად BM.GE-მ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ცნობისთვის: bm.ge-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ვაქცინაციის მისაღებად ტურიზმის სექტორის 3 000-მდე წარმომადგენელია რეგისტრირებული, რომლებთაც აცრა ეტაპობრივად, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით ჩაუტარდებათ.

ნებაყოფლობითი ვაქცინაციის წინასწარი სარეგისტრაციო ფორმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები