მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ეკონომიკა, ბიუჯეტი, რეზერვები და ურთიერთობები დასავლეთსა და ჩინეთთან - ინტერვიუ ალექსეი კუდრინთან

62cbf4c331f70
გიორგი თოლორდავა
11.07.22 22:43
3546
24 თებერვალს რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ახალი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის წინაშე აღმოჩნდა. საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების არაერთი პაკეტი მიიღო, შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი კი რუსეთის, როგორც აგრესორი სახელმწიფოს, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასა და სტრატეგიული ინდუსტრიების შეზღუდვაზეა მიმართული.

ახალი გეოპოლიტიკური რეალობა რუსეთისთვის არაერთ ეკონომიკურ სირთულესა და გამოწვევას მოიაზრებს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კი BMG გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ეკონომისტის ალექსეი კუდრინის ინტერვიუს სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმიდან.

შეგახსენებთ, კუდრინი 2000-2011 წლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ის ამჟამად მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და Sberbank-ის საბჭოს წევრია.


ინტერვიუ:


ჟურნალისტი (ელენა კუდრიავცევა): ჩვენი ბოლო ინტერვიუს დროს ვისაუბრეთ იმაზე, რომ სავარაუდოდ რუსეთი არასოდეს დაუბრუნდებოდა გეგმურ ეკონომიკას და ცენტრალური დაგეგმარების მოდელს. თუმცა ახლა ვითარება განსხვავებულია. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა რომ ჩვენი ქვეყანა ღიად დარჩეს და საბაზრო ეკონომიკა შევინარჩუნოთ?

კუდრინი: მე ზუსტად იმ პოზიციაზე ვრჩები, როგორც ადრე. ვითარება განსხვავებულია, თუმცა ახალ მდგომარეობას რუსეთის ძირითადი, ფუნდამენტური ეკონომიკური პრინციპები არ შეუცვლია.

ჩვენ ისევ ვინარჩუნებთ საბაზრო ეკონომიკას - გვაქვს კერძო სექტორი. უფრო მეტიც, Sberbank-ის შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ სწორედ კერძო სექტორი რეაგირებს მოვლენებზე ყველაზე მყისიერად, ის გაცილებით უფრო მარტივად ადაპტირდება ცვლილებებთან და სწრაფად ახერხებს აღდგენას, რადგან საჯარო სექტორისგან განსხვავებით, ის გადაწყვეტილებებს მარტივად იღებს, რთული ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე. ყველამ კარგად იცის, რომ კერძო სექტორი უფრო მოქნილი და ადაპტირებადია, ვიდრე საჯარო, იქნება ეს ამერიკის თუ სხვა განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში.

საერთაშორისო ვაჭრობა და კავშირები, რომლებიც აგებულია ძალიან მკაცრ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, შენარჩუნებულია. ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) კონკურენტული გარემოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს და კონკრეტული კომპანიების სუბსიდირებას ზღუდავს, რათა საერთაშორისო ბაზარზე პროდუქცია უფრო კონკურენტუნარიანი იყოს.

თუ თქვენ გამოხვალთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან და უარს იტყვით საერთაშორისო მონიტორინგზე, მაშინ თქვენ უბრალოდ დაკარგავთ ბევრი სხვა ქვეყნის ბაზარზე შესვლის უფლებას, ან სახელმწიფოები თავად დააწესებენ შემზღუდავ ზომებს თქვენ წინააღმდეგ. ეს არ ეხება მხოლოდ დასავლეთს, ეს მოიცავს მთელ აზიურ სამყაროს, ლათინურ ამერიკას და აფრიკასაც კი. ასე რომ, თუ გვინდა ისევ ყველასთან შეგვეძლოს ვაჭრობა და გვქონდეს ჩვენი საქონლის ექსპორტზე გატანის უფლება, მოგვიწევს საერთაშორისო საკოორდინაციო სისტემებში დარჩენა, მათ შორის WTO-ში.

პანელზე სიტყვის გამოსვლის დროსაც ვთქვი, რომ, სამწუხაროდ, არა მარტო საქონელი, არამედ ხანდახან იმპორტიც უნდა ჩანაცვლდეს. სამწუხაროდ, რუსეთი არაერთმა ფინანსურმა ინსტიტუტმა და ორგანიზაციამ დატოვა, რომლებიც ადგილობრივი საწარმოების ფინანსურ საქმიანობას აფასებდნენ და ბუღალტრულ ანგარიშგებას ამზადებდნენ. აუდიტორულ ანგარიშებს და რეიტინგებს ინვესტორთათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ეს მათთვის წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელზე დაყრდნობითაც შემდეგ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - რაში დააბანდონ თავიანთი ფული და რაში არა.

ჟურნალისტი: დიახ, მათ ენდობიან.

კუდრინი: იმის დასანახად, თუ ვინ გადის მოგებაზე და ვინ ზარალზე, აუცილებელია, რომ აღრიცხვა სწორად იყოს ჩატარებული და ბუღალტრული ანგარიშგება არ იყოს გაყალბებული. ამ მიმართულებით საჭიროა საერთაშორისო ინსტიტუტების ფუნქციონირება. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ცნობილი აუდიტორული კომპანიების ბაზებზე ახალ ადგილობრივ კომპანიებს ვქმნით, მაგალითად, PWC ჩავანაცვლეთ ახალი კომპანიით სახელწოდებით „ნდობის ტექნოლოგია“, რომელიც PriceWaterhouseCoopes-ის ძველი გუნდისგან შედგება, თუმცა საერთაშორისო კომპანია მაინც არ არის.

ამ თვალსაზრისით, აუცილებელია, რომ დაკავშირებული ვიყოთ გლობალურ ეკონომიკასთან, ჩვენ ვიმუშავებთ მათთან. ეკონომიკის მინისტრმა რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ მთელი მიწოდების ჯაჭვის და თანამედროვე ტექნოლოგიების სრული ხაზის ერთ ქვეყანაში შექმნა შეუძლებელია - ეს სიმართლეა. არც ამერიკაში, არც გერმანიაში და არც ჩინეთში ეს შესაძლებელი არ არის. ჩვენ გავცვლით ტექნოლოგიებს. ის შეზღუდვები, რაც რუსეთზეა დაწესებული, უნდა გავითვალისწინოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღებას სხვა ბაზრებზეც გავამახვილებთ, თუმცა ჩვენ მაინც ვრჩებით საბაზრო ეკონომიკად.

კიდევ ერთი რამ, რასაც გეგმური ეკონომიკა მოიაზრებს, არის ის, რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს საწარმოებისთვისაც იღებს, არა მხოლოდ პროდუქციის წარმოების, არამედ ფასების თვალსაზრისითაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ უნდა ჩავაბაროთ ჩვენი ქონება სახელმწიფოს, ნაციონალიზაციის პირობებში კი საწარმოები დაკარგავენ ანგარიშვალდებულებას მათი საქმიანობის შედეგებზე - მე ვფიქრობ, რომ ეს არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს.

ჟურნალისტი: ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლობაც ესწრებოდა, საუბარი იყო იმაზე, რომ ყველაფერი ისე აღარ იქნება, როგორც ადრე. თქვენი აზრით, რა და როგორ იქნება?

კუდრინი: უნდა გითხრათ, რომ ამ პანელიდან მხოლოდ ნაწყვეტები ვნახე, იქ მყოფებმა დასვეს შეკითხვები და წარმოაჩინეს თავიანთი მოსაზრებები, თუ რა იქნება და რა არა. ცხადია, დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობის გართულება და დაძაბულობა დიდხანს გაგრძელდება. ამ ნაწილში, შესაძლოა, ყველაფერი ისე არ იქნეს, როგორც ეს ადრე იყო. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბაზრის ძირითადი პრინციპებისადმი ერთგულება ისევ უნდა დარჩეს - გლობალიზაცია არსად არ გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დაიწყო საუბარი კუნძულოვან ეკონომიკაზე და ტექნოლოგიურ ძალებზე - მე სავსებით არ ვეთანხმები ამ მოსაზრებებს.

ჟურნალისტი: ადგილობრივი გაერთიანებები, ადგილობრივი კავშირები...

კუდრინი: ფაქტია, რომ მსოფლიომ უკვე გადალახა ეროვნული საზღვრები. მაგალითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ტექნიკური სტანდარტებია. იმისათვის, რომ უცხოეთში გაყიდოთ თქვენი პროდუქცია, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ამ ქვეყანაში არსებულ ტექნიკურ სტანდარტებს და მოთხოვნებს. ამ ეროვნული საზღვრების დასაძლევად მსოფლიომ დიდი ხნის წინ დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება, რათა პროდუქცია თავისუფლად მიმოცვლადი გამხდარიყო.

ვუშვებ იმ ალბათობას, რომ ეს დაძაბულობა ჩვენს ორიენტაციას დასავლეთიდან აზიის სტანდარტებისკენ შეცვლის. თუმცა ეროვნული ტექნიკური სტანდარტების შექმნა საკუთარ თავში ჩაკეტვას და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გაყიდვის შეწყვეტას გულისხმობს. რაღაც დონეზე სტანდარტები აუცილებლად უნდა გვქონდეს, თანაც მსოფლიოს მასშტაბით არის დასავლური და აღმოსავლური სტანდარტების დაახლოების ტენდენცია. ამ მიმართულებით არ მგონია, რომ მსოფლიო რაღაც სხვა მიმართულებით წავიდეს.

ის, რომ სანქციების ყოფნის ქვეშ თავს სხვაგვარად ვგრძნობთ, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებიც ასე არიან. მაგალითად, ჩინეთი სულ უფრო მეტად უახლოვდება დასავლეთის სტანდარტებს და მოთხოვნებს, რათა იქ უფრო მეტი პროდუქციის გაყიდვა შეძლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავიწყებთ ეროვნული ტექნიკური სტანდარტების დაწესებას - ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, თუმცა იგივე ეხება ბევრ სხვა საკითხს. მაგალითად განვიხილოთ კვების პროდუქტებზე მოთხოვნები, მართალია, ევროპული ბაზრები ოდნავ განსხვავებულია მსოფლიოსგან, რადგან თავს ზედმეტად იცავენ, თუმცა თუ ჩვენ გვინდა ამ ბაზარზე საკვების ექსპორტირება, მაშინ მოგვიწევს მათი სტანდარტების დაკმაყოფილება.

ჟურნალისტი: ექსპორტი კი ჩვენი მთავარი იმედია.

კუდრინი: დიახ, ასეა. მე უბრალოდ ვერ ვხედავ მაგალითს, რომ ქვეყნები საკუთარ თავში ჩაკეტილიყვნენ ეროვნული სტანდარტებით. ასეთი რამ განსაკუთრებით წამგებიანი იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის, რადგან რუსეთზე გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე ნაკლები მოდის, ხოლო აშშ-სა და ევროპაზე - მშპ-ის 20%-ზე მეტი.

იმისათვის, რომ ამ ბაზრებზე მუშაობა შევძლოთ, მოგვიწევს საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების დაცვა, მათ შორის, ტრანსპორტირების, შენახვის, უსაფრთხოებისა და დაზღვევის მიმართულებით. ეს ყველაფერი საერთაშორისო წესებია, რომელთაც ჩვენ თავს ვერ დავაღწევთ.

ჟურნალისტი: მოდით, შიდა საქმეებზეც ვისაუბროთ. ბიუჯეტთან დაკავშირებით მექნება შეკითხვა - მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი ბიუჯეტის პროექტია საჭირო, რადგან ძველი ბიუჯეტი ადრინდელ პირობებში კარგად მუშაობდა, თუმცა ახალ ვითარებას ის არ ერგება. არსებობს პროექტის შეცვლის სხვადასხვა ვარიანტი, განიხილება რამდენიმე ინდიკატორის ამოღებაც. თქვენ, როგორც ამ ბიუჯეტის წესის ერთ-ერთი ავტორი, რას ფიქრობთ, საჭიროა თუ არა მისი შეცვლა?

კუდრინი: ამ პირობებში ბიუჯეტის წესი, შესაძლოა, ოდნავ შეიცვალოს, თუმცა ძირითადი პრინციპები უცვლელად უნდა დარჩეს. შევეცდები ავხსნა, ბიუჯეტის წესის შემუშავების უპირველესი ფუნქცია ყოველთვის იყო რუსეთის ეკონომიკის დაცვა სავალუტო რყევებისგან, რაც, ძირითადად, ნავთობის ფასებთანაა დაკავშირებული. ნავთობის გაძვირების შემთხვევაში, რუბლი მყარდება, გაიაფებისას კი - ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება. ეს რუსეთის ეკონომიკის დამახასიათებელი ბუნებრივი და ცუდი ტენდენციაა, ვოლატილობის ასეთი მაღალი დონე არასასურველია და ამაში ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენც კარგად დავრწმუნდით.

ბიუჯეტის წესი უბრალოდ ამბობს, რომ თუ ნავთობის ფასი გარკვეულ ნიშნულზე მეტია, მაშინ მთავრობამ უნდა დაზოგოს ეს რესურსი. ამ მიმართულებით ბაზარზე ნავთობთან დამოკიდებულების კუთხით არაფერი შეცვლილა. რუბლის გაცვლითი კურსი ისევ დიდწილად ინარჩუნებს დამოკიდებულებას ნავთობის ფასზე. სამწუხაროდ, ჩვენ ისევ კვლავინდებურად გვიწევს თავის დაცვა ნავთობის ზედმეტად მაღალი ფასებისგან და ბაზრის დახმარება ფასების შემცირების დროს - ამ მხრივ ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა.

ასეთ შემთხვევაში, რა ხდება მთავრობისთვის გადამწყვეტი ფაქტორი? სანქციების პირობებში ფასიან ქაღალდებში, დოლარსა და ევროში დაზოგვა შეუძლებელი გახდა, როგორ მოვიქცეთ, აღარ დავიცვათ ბიუჯეტის წესი?

სამწუხაროდ, დღეს დოლარი, ევრო და რიგი სხვა მსოფლიო სარეზერვო ვალუტები ჩვენთვის მიუწვდომელია. თუმცა მსოფლიოში არის კიდევ ერთი სარეზერვო ვალუტა - ჩინური იუანი. მომავალში, სავარაუდოდ, სწორედ იუანში მოგვიწევს სარეზერვო თანხის შენახვა. მართალია, იუანი უფრო მერყევი და არასტაბილურია, ვიდრე სხვა სარეზერვო ვალუტები, თუმცა რუბლის დაცვის მიზნით, ჩვენ მაინც მოგვიწევს ამის გაკეთება.

ამჟამად ეროვნული ვალუტა მყარდება და ფორუმის ნახევარი იმას განიხილავს, თუ რამდენად რთულია ზედმეტი და მკვეთრი გამყარება. ბიუჯეტის წესის გაუქმების შემთხვევაში, ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გამწვავდება და ვალუტის ის მოცულობა, რომელიც ამჟამად ზეწოლას ახდენს კურსზე, ისევ ბაზარზე დარჩება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყოს დამატებით გამყარებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ წესების დაცვა მნიშვნელოვანია, შეცვლით კი მხოლოდ მისი მექანიზმები უნდა შეიცვალოს.

შესაძლოა, რომ წესის მიხედვით ოპერატორად არა მხოლოდ ცენტრალური ბანკი და ფინანსთა სამინისტრო, არამედ ვინმე სხვაც იქცეს, ისეთი, რომელიც სანქციების ქვეშ არაა მოქცეული, ეს შეიძლება სპეციალური სააგენტოც იყოს. გარდა ამისა, დანაზოგი შეიძლება არა მხოლოდ დოლარსა და ევროში, არამედ იუანშიც გაკეთდეს. იუანის გარდა, სხვა აქტივიც შეიძლება მოიძებნოს, თუმცა ის აუცილებლად უნდა იყოს გარე და რუბლთან არაპირდაპირ კავშირში, რათა თავის დაზღვევა სათანადოდ შევძლოთ. მაგალითად, ადრე ასე ხდებოდა: ნავთობისა და გაზის კომპანიები დოლარში მიღებულ შემოსავალს რუბლზე ცვლიდნენ და ეროვნულ ვალუტას ბიზნესის განვითარებასა და გადასახადების მომსახურებაზე ხარჯავდნენ. ჩვენ კი ვიღებთ ამ რუბლს და ბაზრიდან ვყიდულობთ საჭირო ვალუტას, რომელსაც შემდეგ ცენტრალური ბანკის რეზერვში ვინახავთ სამომავლო გამოყენებისთვის.

ახლაც არაფერი შეცვლილა. ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი ისევ სავალუტო ბაზარზე გადის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ უნდა დავბრუნდეთ და ბიუჯეტის წესები ისევ დავიცვათ, შესაძლოა, ოდნავ შეცვლილი ფორმით.

ჟურნალისტი: არის თუ არა საფრთხის ქვეშ ეროვნული კეთილდღეობის ფონდი (ФНБ)?

კუდრინი: სანამ მას არ დავხარჯავთ და იარსებებს, უსაფრთხოდ იქნება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახალი დანაზოგი, რომელიც შესაძლოა იუანში გაკეთდეს, შეძლებს ფონდის ხელახალ ფორმირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები