მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთის პორტების შეფერხების გამო, საქართველო აბრეშუმის გზის უალტერნატივო ჰაბი გახდა” - Kairos Logistics

623b3fc4ef956
ანუკა ჯოხაძე
24.03.22 00:00
15225
დიზელის ტიპის საწვავის ღირებულება საერთშორისო მასშტაბით მას შემდეგ, რაც რუსეთ უკრაინის ომი დაიწყო, 42%-ით გაიზარდა. ფასები გაზრდილია ადგილობრივ ბაზარზეც. ბენზინგასამართ სადგურებში დიზელის ღირებულება 4-ლარიან ნიშნულს გასცდა.

დიზელზე ფასის ნახტომისებური მატების გამო, ტვირთების ტრანსპორტირება გაძვირდა.

სახმელეთო გადაზიდვებისგან განსხვავებით ფასების კუთხით საზღვაო გადაზიდვებში ცვლილებები ამ დროისთვის არ ფიქსირდება. როგორც გადამზიდავი კომპანიები ამბობენ, საკონტეინერო გადაზიდვების მიმართულებით ფასების მკვეთრი ზრდა ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაფიქსირდა, თუმცა მათი თქმით, ბოლო თვეებია ამ კუთხით სტაბილური ფასი ნარჩუნდება.

ამის პარალელურად, კომპანია Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც რუსეთში კრიზისი დაიწყო, საქართველოს პორტებზე მოთხოვნა გაიზარდა. უფრო მეტიც, მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის პორტებში არსებული შეფერხებების გამო, გარკვეული ნაკადები საქართველოში შემოვიდა.

“აქამდე საქართველოს მარშუტი აბრეშუმის დერეფანზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ გიწევდა კასპიის და შავის ზღვის გავლა. დღეს ეს მარშუტი არის უალტერნატივო. უკვე ვიღებთ ტვირთებს შუა აზიისთვის, რომელიც უნდა ყოფილიყო ნოვოროსისკში ან ილიჩევსკში. ცნობილი მიზეზების გამო იქაური პორტები ვერ იღებენ ტვირთებს, შესაბამისად, ტვირთების გადამისამართება მოხდა ფოთის პორტში. უკვე მიდის გადამუშავება და ფოთის პორტიდან შემდგომ ტრაილერებით გაგზავნა. ჩვენ უკვე წარმომადგენლობაც გავხსენით ფოთში, იქიდან გამომდინარე, რომ დიდია მოთხოვნა. ასევე ჩვენს პორტებზე შუა აზიის ექსპორტის მიმართულებიდანაც არის მოთხოვნა. ამ სიტუაციაში საქართველო გახდა აბრეშუმის გზის უალტერნატივო ჰაბი", - აცხადებს მიხეილ ნამადოვი Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები