„რუსთავის ფოლადსა“ და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობა და ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები იყო ერთ-ერთი თემა, რომელიც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას „რუსთავის ფოლადში“ ვიზიტის დროს განიხილეს.
„რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილის არჩილ მელიქაძის განცხადებით, აზერბაიჯანის ბაზარზე მათი პროდუქცია სხვადასხვა საშუალებებით იბლოკება, ხოლო აზერბაიჯანიდან ადგილი აქვს საქართველოში არმატურის დემპინგური ფასებით იმპორტს.
„ჩვენ გვაქვს ორი სავაჭრო პრობლემა, ერთი გვაქვს აზერბაიჯანთან, რომელთანაც არ გვაქვს სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობები ანუ ჩვენი ექსპორტი აზერბაიჯანში სხვადასხვა საშუალებებით იბლოკება, ხოლო აზერბაიჯანიდან დემპინგური ფასებით შემოდის ჩვენთან პროდუქცია. მაგალითად, ჩვენგან აზერბაიჯანის მხარე ითხოვს განბაჟება მოხდეს უფრო ძვირად, ვიდრე რეალურად არის. მათი შიდა კანონმდებლობით კი, განბაჟებაზე უფრო დაბალი ფასით იმ ქვეყანაში პროდუქციას ვერ გაყიდი. ასე რომ, თავიდანვე ჩვენი პროდუქცია იქ არის არაკონკურენტუნარიანი. გამოდის, ვეღარ ვყიდით ამ ბაზარზე მაშინ, როცა დიდი რაოდენობით ვყიდდით პროდუქციას. ამავდროულად, მათგან შემოდის ჩვენთან დემპინგური პროდუქცია, რაც პრობლემაა. ეს საკითხი მოსაგვარებელია აზერბაიჯანთან, რაზეც მინისტრთან ვისაუბრეთ“, - განმარტავს არჩილ მელიქაძე.
თავის მხრივ, „რუსთავის ფოლადში“ ვიზიტის დროს მინისტრმა ანდიტემპინგურ კანონმდებლობაზეც ისაუბრა, რომელზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა.
„საწარმოს სჭირდება ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა, სამართლიანი კონკურენციის პირობების შემოღების კუთხით. ჩვენ ახლა ვამზადებთ და შემოგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რაც არის აბსოლუტურად ცივილიზებული მიდგომა ბაზრის დემპინგური გამოვლინებებისგან დასაცავად, ვფიქრობთ, რომ ეს დიდად წაადგება ბიზნესს, მათ შორის მეტალურგიულ კომპლექსს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.