საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე 37 მლნ 113 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა – 650 აშშ დოლარით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმპორტის უდიდესი წილი - 61% რუსეთზე მოდის, საიდანაც 1 მლრდ 049.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც ჯამურად 7 მლნ აშშ დოლარი დაჯდა.
რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანიდან 2021 წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში 505.5 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა – თითქმის ორჯერ ნაკლები რუსეთთან შედარებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანული დენი გაცილებით მაღალფასიანია, იმპორტი ამ ქვეყნიდან 3.3–ჯერ ძვირი – 23 მლნ 358 ათასი აშშ დოლარი დაჯდა.
თურქეთიდან კი, საანგარიშო პერიოდში საქართველოში 161.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაზეც 6 მლნ 754 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა. სომხეთიდან წელს ელ.ენერგიის იმპორტი არ ფიქსირდება.
აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია მეზობელი ქვეყნებიდან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასის დაანგარიშება. შედეგად, რუსეთიდან კვტ/სთ ელ.ენერგია 0.7 ცენტი ღირს, აზერბაიჯანიდან – 4.6 ცენტი, 1 კვტ/სთ თურქული ელექტროენერგია კი საქართველოს 4.2 ცენტი დაუჯდა.