მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ინვესტორთა საბჭო ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს - წერილი

62a33d9e649fb
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.22 16:43
5218
საქართველოს ინვესტორთა საბჭოში შემავალმა ბიზნესასოციებმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს. წერილი საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება.

ძვირფასო პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ,

"ჩვენ გწერთ საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სახელით, რომელიც აერთიანებს ქვეყნის უმსხვილეს ბიზნესასოციაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურად ორიენტირებულ კომპონენტებს. ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს განაცხადის მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

არავინ ელოდა ამ მდგომარეობაში ყოფნას. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას იმ დანაშაულების მიმართ, რომლებსაც ჩვენი უკრაინელი დები და ძმები განიცდიან. საქართველოსთვის ეს ნაცნობი ტრამვაა, რადგანაც ეს გვახსენებს იმ მძიმე შედეგებს, რაც 2008 წელს რუსეთის შემოჭრამ გამოიწვია. დღეს უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გამორჩეულია.

ცხადია, ახლა არის დრო ყველა ქვეყნის ერთიანობის, რომლებიც იზიარებენ ევროკავშირის ღირებულებებს. ეს ერთიანობა აქვს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის კოალიციას. ეს ერთიანობა უნდა გავრცელდეს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას გაუგზავნოს სიგნალი ამ ქვეყნებს, რომ EU აღიარებს და მხარს უჭერს ამ ქვეყნების ბრძოლას, რათა შეინარჩუნონ დამოუკიდებელი, დასავლური მისწრაფება და დემოკრატია.

საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა ცალსახაა. საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას და განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს განპირობებულია საერთო ევროპული ღირებულებებით, საერთო ისტორიით და მომავლის საერთო იმედებით.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ჩვენი მუშაობის დასაწყისი იქნება. მოლაპარაკებები, რომლებიც ამას მოჰყვება და წინაპირობები, რომლებიც იქნება განსაზღვრული წევრობისთვის, განსაზღვრავს რეფორმების მნიშვნელოვან გეგმას ქვეყნისთვის.

საქართველოს შეუძლია და გაუმკლავდება კიდეც ამ გამოწვევას. არაერთი წლის განმავლობაში საქართველო აღიარებული იყო როგორც ლიდერი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. ინვესტორთა საბჭო ინტენსიურად მუშაობდა ამ მრავალ რეფორმაზე და ჩვენ პირობას ვდებთ, რომ გავაორმაგებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა EU-ს სრული წევრობის დადგენილი წინაპირობების შესრულებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები შევასრულოთ. გვჯერა, რომ ეს მოიცავს მნიშვნელოვან გამოწვევებს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი მათ დაკმაყოფილებამდე მიგვიყვანს.

სამივე ქვეყანას სჭირდება მხარდაჭერა დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. სამივე ქვეყანას უნდა ჰქონდეს სრული უფლება აირჩიონ ის მომავალი, რომელსაც თავიანთთვის სახავენ. ევროკავშირის კანდიდატურა წარმოადგენს რწმენის განმტკიცებას ამ ქვეყნების და ხალხის მიმართ და მხარს დაუჭერს მათ, ვინც ამ დემოკრატიის, მშვიდობისა და აყვავების გზას ოპტიმიზმით შეჰყურებს", - ნათქვამია წერილში. 

წერილს ხელს აწერენ:

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია;
AMCHAM; 
EUGBC; 
ICC;
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა;
გერმანიის ეკონომიკური კავშირი;
თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები