ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის ხელშეწყობისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია დაფუძნდა.
ახალი ასოციაციის ოფიციალური წარდგენა 14 აპრილს, 19:00 საათზე "ბაბილო პლაზაში" გაიმართება.
ბიზნესგაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომპანია „ფრუტილიას“ დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ასოციაციაში საწყის ეტაპზე 20-მდე კომპანია გაერთიანდება, თუმცა გაერთიანება ახალი წევრებისთვის ღია იქნება.
„ასოციაციის ძირითადი მიზანი საქართველოდან ხილის ექსპორტის ხელშეწყობა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით ერთობლივი მუშაობაა. ამ ეტაპზე არსებული სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, ასოციაციის შექმნა გადავწყვიტეთ, რათა ადგილობრივმა კომპანიებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად, არსებული გამოწვევების გაანალიზება, დამუშავება და გადაჭრა შევძლოთ.
დღეისთვის ხილის და ბოსტნეულის ექსპორტიორებისთვის მთავარი საკითხი ბაზრების დივერსიფიკაციაა.
საქართველოს ხილის ექსპორტის 80%-მდე რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდეს. ამ მხრივ ყველა იექსპორტიორმა ინფორმაცია ერთმანეთს უნდა გაუზიაროს, რათა გამოსავალი ერთად მოვძებნოთ. ასოციაციამ უნდა შეძლოს ახალი ბაზრების მოძიება და ექსპორტიორების დახმარება.
ასევე არსებობს მთელი რიგი საკითხებისა - საექსპორტო დოკუმენტების მოწესრიგებაში, პროდუქციის შეძენის კუთხით არსებული ხარვეზები, რაზეც შემოსავლების სამსახურთან ვმუშაობთ. არსებობს სხვა მიმართულებები, რომლებიც სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით გადაჭრას საჭიროებს“, - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
ასოციაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ დღეისთვის რუსეთის ალტერნატიულ ბაზრებად ევროკავშირი, არაბული ქვეყნები და ყაზახეთი მოიაზრება.
„სხვადასხვა კომპანიის მაგალითზე გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის ათვისების გამოცდილება. მათ შორის „ფრუტილიას“ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ აქტუალურია ხილის და ბოსტნეულის ევროპაში, მათ შორის პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში გატანა. ყაზახეთი აქტუალური ქვეყანაა, ასევე არაბული ქვეყნები, სადაც ლოგისტიკის საკითხი არის მოსაწესრიგებელი“, - აღნიშნა დავით ბეჟიტაშვილმა.