საქართველოს მთავრობამ საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის დასრულების გადავადების გადაწყვეტილება მიიღო.
საპილოტე პროექტი 10-მილიონიანი დაფინანსებით გურიაში მიმდინარეობს და მის ფარგლებში ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანა ხდება. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ააიპ “ოუფენ ნეტია”, სახელმწიფოს დაკვეთით ქსელს “პარვუს ჯგუფი” აშენებს. კომპანიასთან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გაფორმდა და მისი მოცულობა 10 მილიონი ლარია.
2020 წლის დასაწყისში მთავრობამ განსაზღვრა, რომ საპილოტე პროექტის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან ირკვევა, რომ “პარვუს ჯგუფს” ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ჩაბარების ვადა 2021 წლის 28 თებერვლამდე გადაეწია.
"პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა.
საყოველთაო ინტერნეტიზაცია
საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ "ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს" ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.
2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.
ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან.
თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს.