მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახური "მთავარი არხის" მენეჯმენტს პასუხობს

610024f4a059d
BM.GE
27.07.21 19:21
1222
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, გავრცელებულ განცხადებას.

უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

“სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით.

აღნიშნული მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია ,,მთავარი არხი“-ს მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. შესაბამისად, გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც.

აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას.

დამატებით განვმარტავთ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ გულისხმობს გადამხდელის საქმიანობის ადგილზე რაიმე სახის ქმედების განხორციელებისა და საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას.

გამომდინარე აქედან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას”,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები