მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შტადლერი“ დავარწმუნეთ... ვიმედოვნებთ, „შტადლერის“ ადგილობრივი ქარხანა გვექნება" - თურნავა

5f292f9a64d64
BM.GE
04.08.20 13:48
3120
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რელოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის“ მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ ფრანცენი. ასევე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგია ითვალისწინებს მოლაპარაკებების გამართვას 400-ზე მეტ გლობალურ კომპანიასთან და მათთვის საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების გაცნობასა და მიმზიდველი საინვესტიციო პირობების შეთავაზებას.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „შტადლერის“ წარმომადგენლებს საქართველოში არსებული სტაბილური და მდგრადი ბიზნესგარემო და ის უპირატესობები გააცნო, რითაც საქართველოში შემოსულ უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში 2,3 მილიარდიან ევროპულ ბაზარზე წვდომა.

ნათია თურნავას განცხადებით, „შტადლერი“ ქართულ ბაზარს აქამდე საკუთარი წარმოების ვაგონებს აწვდიდა და მთელ რიგ ტენდერებშიც მონაწილეობდა, თუმცა ახლა უკვე შესაძლებელია მათთან საუბრის დაწყება უფრო მეტ თანამშრომლობაზე, კერძოდ, საქართველოში წარმოების დაფუძნებაზე.

„ისინი ხედავენ ამ პერსპექტივებს, განსაკუთრებით კი „კოვიდის“ ეპიდემიის პირობებში ჩვენი პროაქტიური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად. ჩვენ დავარწმუნეთ „შტადლერი“, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, საიდანაც გააფართოებენ თავის ბიზნესს და ექნებათ წვდომა 2,3 მილიარდ პოტენციურ მომხმარებელთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი ვჭრობის რეჟიმის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო და ახლა უკვე ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის კეთებისთვის. „შტადლერი“ არის კომპანია, რომელიც საკმაოდ ბევრ ჩვენს მოქალაქეს დაასაქმებს. კომპანია მზად არის, დაიწყოს ტრენინგები, მოსამზადებელი ეტაპი და ვიმედოვნებთ, ჩვენი ჩართულობითა და მხარდაჭერით საბოლოო ჯამში “შტადლერის“ ადგილობრივი ქარხანა გვექნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ 1942 წელს დაფუძნდა. კომპანიის გაყიდვები 3,46 მილიარდ დოლარს აღწევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი ჯამში 10 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები