მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უდაბნო" - "აჭარა ჯგუფის" მრავალმილიონიანი პროექტი კახეთში

5e036666a8ec2
ვიქტორია მღებრიშვილი
26.12.19 10:15
14420
"აჭარა ჯგუფმა" კახეთში, საგარეჯოს რაიონში პროექტ „უდაბნოს“ განსახორციელებლად 55 მლნ ლარის ინვესტიცია გაიღო. პროექტის ფარგლებში, კომპანია 5 000 ჰექტარ მიწას ეტაპობრივად ითვისებს აგრომეწარმეობისა და აგრო-ტურიზმის განსავითარებლად.

ამის შესახებ BM.GE-ის პროექტ „უდაბნოს“ დირექტორმა ნინო კვერნაძემ განუცხადა. მისი თქმით, ინვესტიციების მოცულობა პროექტთან ერთად გაიზრდება.

რაც შეეხება 55 მლნ ლარს, ეს თანხა მიწების შესყიდვას და ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა. აღნიშნული ინვესტიციით ასევე დაიფარა ბაღების, ვენახების და ფერმის მოწყობისა და საოპერაციო ხარჯებიც.

„პროექტზე მუშაობა 2017 წლიდან დავიწყეთ და დღეისთვის უკვე ვენახი და ნუშის და კენკრის ბაღები გვაქვს. ამასთანავე, ერთი კვირის წინ იტალიიდან ჩამოვიყვანეთ კამეჩები და თხები მერძეული მეურნეობის განსავითარებლად. სამომავლოდ მცირე საქათმის მოწყობასაც ვაპირებთ იმისთვის, რომ გვქონდეს საკუთარი კვერცხი“, - ამბობს ნინო კვერნაძე.

მისივე თქმით, უდაბნოს „პროექტის“ ფარგლებში „ფერმიდან მაგიდამდე“ კონცეფციის სასტუმროს აშენებაც იგეგმება. ამ ობიექტს საკუთარი ბაღები, ფერმები და საწარმოები ექნება.

„უდაბნოში“ მოყვანილი ჯანსაღი პროდუქტით განსაკუთრებული გასტრონომიული შთაბეჭდილების შექმნა სასტუმროს კონცეფციის მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება. ასევე, სტუმრებს საშუალება ექნებათ ერთი დღით ფერმერული ცხოვრება გამოსცადონ და საკვები მათ მიერ აღებული მოსავლით მოამზადონ.

„ჩვენი პროდუქტით მომარაგდება არა მხოლოდ პროექტ „უდაბნოს“ ფარგლებში დაგეგმილი სასტუმრო, არამედ აჭარა ჯგუფის სხვა ობიექტებიც. ჩვენს პარტნიორ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთანაც ვაგრძელებთ მუშაობას და ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვფიქრობთ“, - ამბობს პროექტ „უდაბნოს“ დირექტორი.

ნინო კვერნაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა აუცილებელია. მისივე თქმით, „ბაღების გასაშენებლად 400-მდე ადამიანი დასაქმდა. ასევე, სხვადასხვა ეტაპზე, ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივად ჩართულია პროექტის საქმიანობაში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები