მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვეძებთ გამოსავალს, როგორ არ დავკარგოთ ბიზნესი... ზარალი ₾1 მლნ-მდეა“ - წისქვილკომბინატი

61e13d9d36739
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.22 13:16
17508
რამდენიმე თვეა საქართველოში მოქმედი წისქვილკომბინატები ხორბლის იმპორტის შემცირების გამო, დახურვის საფრთხის წინაშე დადგნენ. ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე რეგიონში მოქმედი 10-მდე მცირე წისქვილკომბინატი დაიხურა. ხორბლის იმპორტის კლებისა და ფქვილის იმპორტის ზრდის პარალელურად კი 2021 წლიდან დახურვის ან ფქვილის ექსპორტზე გადასვლის საფრთხის წინაშე ხორბლის მსხვილი გადამმუშავებლებიც დადგნენ.

BM.GE ინდუსტრიაში არსებული პრობლემებზე სასაუბროდ კომპანია „ჯეომილის“ გენერალურ დირექტორს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ არსებული ვითარება სექტორისთვის განაჩენია.

„ჩვენი მდგომარეობა სავალალოა, გაჩერების პირას ვართ. არამხოლოდ ჩვენ არამედ ბევრი მსხვილი წისქვილკომბინატი. შეიძლება ეს ინდუსტრია საერთოდ დაკარგოს ქვეყანამ, რადგან რამდენიმე წისქვილი უკვე გაჩერდა, ზოგიც გაჩერების პირას არის. გამოსავალს ვეძებთ როგორ არ დავკარგოთ ჩვენი ბიზნესი, მაგრამ ვერ ვპოულობთ. ამ მოცემულობით მარტის შუა რიცხვებისთვის წისქვილკომბინატის გაჩერება მოგვიწევს“, - ამბობს ბესიკ ბეჟაშვილი.

მისი ინფორმაციით, კრიზისული პერიოდის დაწყებამდე „ჯეომილი“ თვიურად 10 000 ტონა ხორბალს ამუშავებდა და ბაზრის 25%-ს ამარაგებდა. კომპანია 200 სამუშაო ადგილს ქმნის. დღეისთვის კი იმპორტირებული რუსული ფქვილის დაბალი ფასიდან გამომდინარე, გაძვირებული ადგილობრივი წარმოების ფქვილზე მოთხოვნის კლების გამო, კომპანიამ წარმადობა გაანახევრა.

„დღეს ერთი ტონა ხორბლის და ფქვილის საიმპორტო ფასს შორის განსხვავება 98 დოლარია და ამ სხვაობას წარმოებები ვერ გაუძლებენ.

დღეისთვის ძველი მარაგების ხარჯზე ვმუშაობთ, თუმცა ვისაც ეს მარაგები არ ჰქონდათ, ისინი გაჩერდნენ. ჩვენ მიერ წარმოებული 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 75 ლარია, ხოლო იმპორტირებულ რუსულ ფქვილთან სხვაობა 10-12 ლარია. შესაბამისად, მოთხოვნა ქართულ ნაწარმზე შემცირდა.

ეს ვითარება, რომელშიც ბოლო სამი თვეა ვართ, ჩვენთვის განაჩენია. ჩვენს მაგალითზე გეტყვით, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის მარაგები გვაქვს და მდგომარეობა თუ არ გამოსწორდება, ამ დროისთვის გადამუშავებას ჩვენც გავაჩერებთ. კრიტიკულ პერიოდამდე თვიურად 10 000 ტონა ხორბალს ვამუშავებდით, თუმცა ახლა წარმადობა ადგილობრივ ფქვილზე მოთხოვნის შემცირების გამო გავანახევრეთ; რომ არა ჩვენი ხორბლის მარაგები, ეს წარმადობაც არ გვექნება. ახალი ხორბლის პარტიები დეკემბრიდან აღარ შემოგვაქვს, რადგან აზრი არ აქვს, დღეს ფქვილის შემოტანა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ხორბლის შემოტანა და შემდეგ მისი გადამუშავება.

შედეგად, ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩვენი ზარალი, დაახლოებით, 1 მლნ ლარს შეადგენს, მდგომარეობა ასე თუ გაგრძელდა, ვერავინ გაუძლებს, ამოვწურავთ მარაგებს და დავიხურებით. დაახლოებით, 200 დასაქმებული გვყავს. ამ ვითარებაში ვერ შევძლებთ მაღალკვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნებას“, - განმარტავს კომპანიის მდგომარეობას ბესიკ ბეჯაშვილი.

„ჯეომილის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ დარგი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციაშია, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები წისქვილკომბინატების ოპერირების შენარჩუნებისთვის არ მიღებულა. ბესიკ ბეჟაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, ზაფხულისთვის ქვეყანაში ადგილობრივი ხორბლის გადამუშავებისთვისაც კი წისქვილკომბინატები აღარ იქნება.

„შორს არ უნდა წავიდეთ და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენი მეზობელი ქვეყნები როგორც იქცევიან ისე უნდა მოვიქცეთ. მაგალითად, თურქეთში ფქვილის იმპორტისას საინვოისო ღირებულებას 120% უნდა დაამატო, ეს ადგილობრივი წარმოების შენარჩუნების მიზნით ხდება. ჩვენზე კი ფაქტობრივად არავინ ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გვაქვს. საქართველოში ხორბლის გადამმუშავებელი ინდუსტრია კარგადაა განვითარებული, ამის გაჩერება ირიბად ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ცხოველთა საკვების წარმოებასა და სოფლის მეურნეობაზე. დღეისთვის  მიწის ძალიან დიდი ფართობები დამუშავდა და ხორბლის გადამუშავების დრო რომ მოვა 5 თვეში, თუ წარმოებები ვერ შევინარჩუნეთ სად გადავამუშავებთ“, - ამბობს „ჯეომილის“ გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში ინდუსტრიის შენარჩუნების მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები