მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Waime Spices-მა ისრაელსა და ლატვიაში ექსპორტზე 1.2 ტონა სუნელი გაიტანა

60c1ca51b0a72
ვიქტორია მღებრიშვილი
10.06.21 12:21
2125
სუნელების მწარმოებელი კომპანია Waime Spices-ი საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა მწარმოებელმა ისრაელსა და ლატვიაში, ჯამში, 1 200 კგ სანელებელი გაიტანა.

როგორც BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოგიამ უთხრა, ისრაელი მათთვის ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე საინტერესო იყო, ამიტომ ამ მიმართულების ათვისებაზე მუშაობა გასული წლის მაისის შემდეგ მიმდინარეობდა.

„ჩვენი სუნელები რამდენიმე დღის წინ ისრაელში შევიდა. პირველ ეტაპზე 400 კგ სუნელი გავიტანეთ. მოსამზადებელი სამუშაოები - რეგისტრაცია, ჯანდაცვის სამინისტროში პროცედურები, დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს კი Waime Spices-ის სუნელები უკვე 10 მაღაზიაში იყიდება. ახალ ბაზარზე ჩვენი სუნელების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტს ქსელურ მაღაზიებში შესვლა წარმოადგენს. ცენტრალური საწყობი იერუსალიმშია და სუნელებიც ჯერ მხოლოდ იერუსალიმში არსებულ მაღაზიებში იყიდება, თუმცა პროდუქცია მაღაზიების გარდა, ონლაინარხებითაც იყიდება, რისთვისაც სპეციალურად ფეისბუკგვერდი შევქმენით“, - თქვა გიორგი გოგიამ.



კომპანიის დამფუძნებელი ისრაელის ბაზარზე შესვლის თავისებურებებსა და მიმზიდველობაზე საუბრობს. Waime Spices-ი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც სუნელები ამ ბაზარზე გაიტანა.

„ისრაელში სხვა ბაზრებთან შედარებით სუნელებზე ფასები, ისევე როგორც სხვა პროდუქტებზე, უფრო მაღალია. ჩვენი სანელებლების 50-გრამიანი შეფუთვის ფასი 15 შეკელს შეადგენს. თვეში ისრაელში 1 200 კგ-მდე სუნელის გატანას ვგეგმავთ.

ჩვენთვის ისრაელის ბაზრის ათვისება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იმიტომ იყო, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მოგვეხდინა. ისრაელის ბაზარზე შესვლა საკმაოდ რთულია, ძალიან ბიუროკრატიული და რეგულაციებით გაჯერებული ბაზარია, რაც შესვლის პროცესს ართულებს. ისრაელში შესვლა, პირველ რიგში, იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქართული სუნელების მწარმოებელი კომპანიები არ იყვნენ წარმოდგენილები. ჩვენ მოვიგეთ დრო და ავითვისეთ ეს ნიში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ისრაელში ქართული სუნელების სახელით რუსული და უკრაინული სუნელები იყიდება. დღეს კი ისრაელში მცხოვრებლებს ქართული წარმოების სანელებლების შეძენაც შეუძლიათ“, - უთხრა BM.GE-ს Waime Spices-ის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში კომპანიამ მეორე ბაზრის ათვისებაც შეძლო და ბალტიისპირა ქვეყნებიდან ლატვიაში შევიდა.

„2020 წელს მუშაობა ლატვიის ბაზრის ათვისებაზეც დავიწყეთ და 2021 წელს ისრაელთან ერთად ლატვიაშიც შევედით. პირველ ჯერზე 800 კგ-მდე პროდუქტი გავიტანეთ და ამ შემთხვევაში ჩვენი სუნელები წარმოდგენილია როგორც ჰორეკა, ასევე - რიტეილსექტორშიც“, - აღნიშნა გიორგი გოგიამ.

ცნობისთვის: გასულ წელს საქართველოდან ისრაელში მცირე რაოდენობით სანელებლები გავიდა და ექსპორტმა ჯამში 2 ათასი დოლარი შეადგინა. ლატვიაში კი 18.6 ათასი დოლარის ღირებულების სანელებლები გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები